სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის“ ორგანიზატორებისა და ლაურეატების ღია წერილი ქართულ საზოგადოებრიობას
2009 წლის 18 ნოემბერი2009 წლის 16 ნოემბერს „ინტერფაქსის" სააგენტოს მოსკოვის პრესცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შეუშვეს სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის" საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე წაიკითხეს ღია წერილი ქართული საზოგადოებრიობისადმი. ქვემოთ გთავაზობთ წერილის ტექსტს (იხ.აგრეთვე „როსიისკაია გაზეტა" 2009 წლის 18 ნოემბრის № 217)
2009 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ, მიზეზის განმარტების გარეშე, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა მარინა გუსაევასა და ალექსანდრე ველინგონენკოს, სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის" კომისიისა და საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის პრეზენტაციაში, რომელიც დაფუძნდა საქართველოს ისტორიული პირების შესახებ ნაწარმოებების ავტორებისათვის. „ალექსანდრე ნეველის" პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები, რომლის მინიჭებაც წელს უკვე მეხუთედ მოხდა. აპირებდნენ ქართველი კოლეგებისათვის გაეზიარებინათ კონკურსის ორგანიზაციის გამოცდილება. იმავდროულად, მათ პრეზენტაციის მონაწილეებისათვის საჩუქრად მიჰქონდათ ამას წინათ რუსეთში გამოცემული წიგნი „ბაგრატიონი", რომელიც ამჟამად ქართულ ენაზე ითარგმნება.
ჩვენი პრემია, „ალექსანდრე ნეველი", 2004 წელსაა დაფუძნებული შეზღუდული სააქციო საზოგადოება „ტალიონის" (ქ.სანქტ-პეტერბურგი) და რუსეთის მწერალთა კავშირის მიერ. მისი მთავარი ამოცანაა ჩვენი სამშობლოს ისტორიულ გმირთა ხსოვნის უკვდავყოფა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლით ჭეშმარიტი პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი უანგარო ერთგულების მაგალითი მოგვცეს, რომელთა მხედრული საქმეები და სულიერი გმირობა სამშობლოს წინაშე ვალის მოხდის ნიმუშად იქცა, ხოლო ნიჭმა და მიღწევებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, კულტურაზე, მეცნიერებასა და ისტორიაზე. საკუთარ მოვალეობად და პირად პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, უზრუნველვყოთ იმ ავტორებისა და ავტორთა კოლექტივების ღვაწლისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გამოჩენილ თანამემამულეთა ხსოვნის უკვდავყოფას მოახმარეს, მუზეუმების მუშაკთა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და ისტორიკოს მწერალთა წიგნების პოპულარიზაცია. ჩვენი შრომა დაფასდა. დღეს ეს მხოლოდ პრემია როდია. იგი აერთიანებს მწერლებს, ისტორიკოსებს, მუზეუმების მუშაკებს, რომლებსაც ჭეშმარიტად შესტკივათ გული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ბედზე, რომლებისთვისაც ისტორია არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო და მომავლის საფუძველი.
და, რა თქმა უნდა, მხურვალედ მივესალმებით ჩვენს ქართველ თანამოძმეებს, რომლებმაც დააწესეს ასეთივე ისტორიული პრემია საქართველოში. ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო საქმე, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ისტორიის ფალსიფიკაცია ჩვეულებრივ მოვლენად და ლამის უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა მთელი რიგი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც ცდილობენ ძალით დაამკვიდრონ ისტორიის განსხვავებული ხედვა, საზღვრებითა და პოლიციური კორდონებით გაყონ მოძმე ხალხები - ეს არის გზა არსაითკენ.
ჩვენი პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელია შეზღუდული სააქციო საზოგადოება „ტალიონის" ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე მეწარმე, ეროვნებით ქართველი ალექსანდრე ებრალიძე. ის რუსეთის პატრიოტია და, რა თქმა უნდა, თავისი სამშობლოს - საქართველოსი. ამიტომაც ჩაერთო იგი საზღვარგარეთის დიასპორების და თავად საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის გაერთიანებისთვის ბრძოლაში, რათა ნათელი შეიტანოს იმ სიბნელეში, რომელმაც დღეს ქართველები დააშორა რუსებს, აფხაზებს, ოსებს, მისცეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანას შესაძლებლობა, კვლავაც აყვავების გზას დაადგეს. „ალექსანდრე ნეველის" პრემია ეძღვნება თანამემამულეთა ხსოვნაში უკვდავყოფილ იმ მოღვაწეებს, ვინც ყველაზე მაღლა სამშობლოს წინაშე თავის მოვალეობას აყენებდა. ამიტომაც არ შეგვიძლია არ მივესალმოთ ა.ებრალიძის საქციელს, რომელმაც, თუმცა საკმარისი ქონება აქვს იმისათვის, რომ მშვიდად და არხეინად იცხოვროს, ყოველივე ამაზე უარი თქვა, რათა სცადოს შეცვალოს თავისი სამშობლოს ბედი, დღეს ესოდენ ძნელბედობას რომ განიცდის.
ამასთან იგი არ წყვეტს თავის მრავალწლოვან ჰუმანიტარულ საქმიანობას -ეწევა პეტერბურგის ისტორიული სასახლეების რესტავრაციას, მართავს სრულიად რუსეთის ლიტერატურულ და სამუზეუმო კონკურსებს, დადგა ბაგრატიონის ძეგლი, განახორციელა ისტორიული თემებისადმი მიძღვნილი საგამომცემლო პროექტები. ამ ნუსხას ახლა შეემატება დავით აღმაშენებლის პრემიაც, ბაგრატიონის შესახებ წიგნის თარგმნა და საქართველოში მისი გამოცემა. მთელ ამ პროექტებს აშკარად არა აქვს არავითარი პოლიტიკური სარჩული და მეტად მაღალ შეფასებას და მხარდაჭერას იმსახურებს.
ამიტომ საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ შეუშვეს სრულიად რუსეთის პრემიის „ალექსანდრე ნეველის" საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები, მივიჩნევთ არამოტივირებულ და არამეგობრულ აქტად. მაგრამ ვერავინ და ვერასოდეს მსგავსი ძალისმიერი მეთოდებით ვერ გაყოფს რუსებისა და ქართველების საერთო კულტურას, საერთო ისტორიასა და ძმურ ურთიერთობას, ვერ წაჰკიდებს ერთმანეთს ჩვენს ხალხებს. ალექსანდრე ნეველის სიტყვები ჩვენი პრემიის დევიზია - „ღმერთი არა ძალაშია, არამედ სიმართლეში", - სწორედ ეს არის ამგვარი ქმედებებისადმი პასუხი და განაჩენი.
ვ.განიჩევი, რუსეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;
მ.გუსევა, სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის „ალექსანდრე ნეველის" საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი;
ა.პეტროვი, გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი;
ა.სეგენი, პროზაიკოსი, კინოდრამატურგი;
გ.აქსიონოვა, ისტორიკოსი, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი;
ა.სკატოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
ვ.კარპოვი, მწერალი, საბჭოთა კავშირის გმირი;
ა.კულიკოვკსაია-რომანოვა, მისი იმპერატორული უდიდებულესობის დიდი მთავრის ოლგა ალექსანდროვას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი;
ს.ნეკრასოვი, სრულიად რუსეთის ა.ს.პუშკინის მუზეუმის დირექტორი;
ვ.ვიკულოვა, ნ.ვ.გოგოლის სახლის დირექტორი;
ვ.ვოროპაევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ვ.შედრინი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.



