წლის მოვლენა ქართული კულტურისათვის

2010 წლის 12 იანვარი

ქართული კულტურისათვის წლის მოვლენა გახდება თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის გადაცემა, რაც  2010 წლის 8 ებერვალს არის დაგეგმილი. კონკურსის ორგანიზატორთა სასიხარულოდ შემოტანილი იქნა ასზე მეტი განაცხადი, რაც  აშკარად მოწმობს კულტურის მოღვაწეთა მოთხოვნილებას ასეთ კონკურსებზე. ნაწარმოებების მიღება, პრემიის შესახებ დებულების თანახმად, 2009 წლის 15 დეკემბერს დასრულდა. მაგრამ 2010 წლის 12 იანვარს პრემიის მიმნიჭებელი კომისია განიხილავს კონკურსზე კიდევ ოთხი ნამუშევრის დაშვებას, რომელთა ავტორებმაც კონკურსში მონაწილეობა საჭიროდ ჩათვალეს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორმა, პრემიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძემ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება 8 თებერვლისათვის.

ქალბატონო ნანა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასე აქტიურად რატომ მოიხსენიებენ დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიას პოლიტიკურ კონტექსტში?

მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ეს მეტად არააეთიკურია. ავტორთა შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, კულტურული ტრადიციების აღორძინება და სხვა მიზნები, რომლებსაც კონკურსის ხელმძღვანელობა ისახავს, სამწუხაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკანა პლანზე გადააქვთ. დასანანია, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ლაფში ამოსვაროს, რაც კი ბატონ ებრალიძის სახელს უკავშირდება, გამონაკლისი არც ეს ისტორიულ-ლიტერატურული პროექტი გახდა.

თქვენი აზრით, რა ისტორიული დატვირთვა აქვს პრემიის დაწესებას?

ამ პრემიამ შეიძლება სტიმული მისცეს ისტორიულ თემატიკას ლიტერატურის ყველა ჟანრში. ბოლო წლებში ქვეყანაში იშვიათად იქმნება ისტორიული ნაწარმოებები, მით უმეტეს ობიექტური, უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული. წელს, რაკი კონკურსი პირველად იმართება, კომისია ძალიან მკაცრად არ მისდგომია ნაწარმოებების ფაბულას, მაგრამ მომავალში ნაწარმოებები უფრო მკაცრად შეირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება  ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტს დაეთმობა.

ქალბატონო ნანა, როგორ აფასებთ კონკურსის მონაწილეთა აქტიურობას?

აღფრთოვანებული ვარ საქართველოს გამოჩენილი მწერლებისა და პოეტების ასეთი აქტიური პოზიციით. ამ  კონკურსის მისამართით კრიტიკა თითიდანაა გამოწოვილი, უფრო მეტიც, ეწყობა პროვოკაციები, საორგანიზაციო კომიტეტისა და საკონკურსო კომისიის წევრების მოთმინებას სცდიან, ზოგჯერ პირად შეურაცხყოფამდეც კი მიდის საქმე, მაგრამ მთელი ეს თავდასხმები კიდევ უფრო ამძაფრებს ამ კონკურსისადმი საზოგადოებრიობის ინტერესს.

რამდენმა ავტორმა შემოიტანა  კონკურსში მონაწილეობის განაცხადი?

ასამდე განაცხადი შემოვიდა, ჩვენ სხვადასხვა ჟანრის ავტორთა 42  ნაწარმოები შევარჩიეთ, მათ შორის დიდი მეფის დავით აღმაშენებლის შესახებ სალექციო კურსი. სასწავლო სახელმძღვანელოების საკითხი  ძალიან მწვავედ დგას საქართველოში -ქვეყანაში, ჩემი აზრით არ არსებობს კარგი სახელმძღვანელო ისტორიაში, ყოველი უმაღლესი სასწავლებელი თავად ირჩევს სახელმძღვანელოს, თანაც ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევს მის ხარისხს.

რეცენზენტებმა უკვე დაამთავრეს პირველი წაკითხვა („რეცენზენტების შესახებ დებულების" თანახმად ნაწარმოები ორმა რეცენზენტმა უნდა შეაფასოს) , და იანვრის ბოლოსთვის ყველა რეცენზია-რეკომენდაცია მზად იქნება.

კმაყოფილი ხართ თუ არა პირველი კონკურსის მიმდინარეობით? შეგიძლიათ თუ არა აღნიშნოთ ის დადებითი და უარყოფითი სიურპრიზები,რომლებსაც წააწყდით?

ჯერჯერობით უსიამოვნო ნაკლებია, თუმცა ძალიან რთულია ცილისწამების ატანა. რაც შეეხება სასიამოვნოს, ამ პროექტის განხორციელებისას დავრწმუნდით, რომ საქართველოში საზოგადოებრიობა დაინტერესებულია ისტორიით, განიცდის ქვეყანაში არსებულ სიტუაციას - მხედველობაში მაქვს გარკვეული გულგრილობა ისტორიულ-პატრიოტული თემატიკისადმი. გამოვლინდნენ ახალი საინტერესო ავტორები, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ისტორიულ თემაზე წერენ და ცდილობენ განავითარონ პატრიოტიზმის სულისკვეთება, წინაპრებისადმი და ეროვნული გმირებისადმი პატივისცემა. ეს ადამიანები ამ ინიციატივის გამო ჩვენი მადლიერები არიან და იმედოვნებენ, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-ლიტერატურული პრემია გახდება.

თანამედროვე საქართველოს კულტურულ სივრცეში ეწყობა თუ არა მსგავსი კონკურსები და რით განსხვავდება მათგან დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული პრემია?

ლიტერატურის დარგში ყველაზე საპატიო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი უკვე რამდენიმე წელია შეჩერებულია, თუმცა, როგორც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი მწერლებს შეპირდა, რომ აღადგენს ამ კონკურსს. საინტერესო კონკურსია „საბა", კონკურსი პრემიისათვის „ბარათაშვილი", რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ ახალგაზრდა პოეტები, მგონი 35 წლამდე ასაკის. მაგრამ არც ერთი კონკურსი არ არის ორიენტირებული ისტორიულ მოვლენებსა თუ ეროვნულ გმირებზე, ეს თემატიკა დღეს ძალიან გვაკლია. უფრო მეტიც, ახალგაზრდა თაობას არ აქვს შესძლებლობა წაიკითხოს წარსულის მწერალთა ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები, რადგან არ ხდება მათი  ხელახლა გამოცემა. პრესა, ტელევიზია, ლიტერატურული ნაწარმოებებიც კი გავსებულია იაფფასიანი, რეალობას მოკლებული ინფორმაციით და ღვთისგმობითაც კი. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსის დებულება არ იძლევა ნაწარმოების განხილვის შესაძლებლობას, თუ იგი ხელს არ უწყობს პატრიოტიზმის განვითარებას. სწორედ ეს გამოარჩევს ამ კონკურსს სხვა დანარჩენებისგან, რადგან სხვა კონკურსებში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია ავტორის ოსტატობაზე, აქ კი ოსტატობასთან ერთად მორალურ მხარესაც ენიჭება მნიშვნელობა.