გამოცხადებულია კონკურსი დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად 2010-2011 წლებისათვის

2010 წლის 10 თებერვალი
Flash content

You need Adobe Flash Player version 9+

Adobe Flash Player

ოთხშაბათს, 2010 წლის 10 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმროში "ამბასადორი" პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა. პრესკონფერენციაში მონაწილეობს ღებულობდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2009-2010 წლის კონკურსის ლაურეატები, საკონკურსო კომისიის წევრები და რეცენზენტები.

პრესკონფერენციაზე გამოცხადდა დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის 2010-2011 წწ კონკურსი. კონკურსის პირობები იგივეა, კერძოდ: კონკურსზე ნაწარმოებთა წარდგენის უფლება აქვთ კერძო პირებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურულ, ჟურნალისტურ და სარედაქციო საქმიანობასთან. კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ნაწარმოები - მოცულობით არანაკლებ 5 (ხუთი) პირობითი ნაბეჭდი გვერდისა. ნაწარმოები უნდა ეძღვნებოდეს ისტორიულ მოღვაწეს, ან უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალებისათვის მებრძოლ სულისკვეთებას. განსახილველად დაიშვება ის ნაწარმოებები, რომლებიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამოცემულია პრემიის გადაცემამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე და მოიცავს საქართველოს ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან გასული საუკუნის ბოლომდე.

ასევე უცვლელია საპრემიო ფონდი - 95 000 ლარი. ლაურეატებსა და ნომინანტებზე პრემიის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ნაწარმოებთა მიღების შეწყვეტის შემდეგ. პრემიის გადაცემის ცერემონია უკავშირდება წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 8 თებერვალს. პრემიის გადაცემის ცერემონიის დროს და ადგილს განსაზღვრავს კომისია, პრემიის დამფუძნებელთან შეთანხმებით.

პროექტს აფინანსებს დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ებრალიძე. პროექტს ახორციელებს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალი.

კონკურსზე წარსადგენად გამოქვეყნებული ნაწარმოები 2010 წლის 8 დეკემბრამდე უნდა გაიგზავნოს (ან ჩაბარდეს) საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის ოფისში მისამართზე - თბილისი 0177, ალ. ყაზბეგის გამზირი N 29ა, ბინა 98, წარწერით - "დავით აღმაშენებლის პრემია", ორ ეგზემპლარად, ასევე განაცხადი და ავტორის (ავტორთა) ანკეტა.

კონკურსის მიმდინარეობა რეგულარულად გაშუქდება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვებგვერდზე www.congress-georgia.org. დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის დებულების მისაღებად გთხოვთ მიმართოთ საკონკურსო კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ქ-ნ ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძეს ზემოაღნიშნულ მისამართზე (ტელ: 995 32 252821; 899 176039).

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის

თბილისის ფილიალის პრესცენტრი