დასახელდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსში გამარჯვებულნი

2011 წლის 9 თებერვალი

წმინდა დავით აღმაშენებლის დღეს, 8 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა დიდი ქართველი მეფის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიების გადაცემა.  ცერემონიას წინ უძღოდა პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკონკურსო კომისიის წევრებმა, რეცენზენტებმა, ასევე ზოგიერთმა ლაურეატმა.  ჟურნალისტებს აცნობეს კონკურსში გამარჯვებულთა სახელები და მოუთხრეს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა იგი.

დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია წელს უკვე მეორედ გადაეცა.  იგი დაფუძნებულია საქართველოს ხალხთან მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის, ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  პრემიის ძირითადი მიზანია ქართული კულტურის, კერძოდ, ისტორიული მეცნიერებისა და ლიტერატურის განვითარება.  მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობისა, რომელსაც კონკურსის ორგანიზატორები გასულ წელს წააწყდნენ, პრემიამ შეძლო საკუთარი ადგილი დამკვიდრება ქართულ საზოგადოებაში და მან ავტორიტეტი და პოპულარობა მოიხვეჭა.  პრესკონფერენციაზე საკონკურსო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელლს კონკურსზე ორჯერ მეტი ნაწარმოები იყო წარმოდგენილი, დაახლოებით ასი.  მათგან კომისიამ სამოხდაათამდე ნაშრომი შეარჩია, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებდა, ხოლო შემდეგ, მკაცრი შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდნენ ლაურეატები.  საკონკურსო კომისია სერიოზული და რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, რადგან წარმოდგენილ ნაწარმოებთა შორის იყო როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო ნაშრომები.

ქალბატონმა ნანა ჯაფარიძემ დაასახელა კონკურსში გამარჯვებულები.  დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის პირველი ხარისხის ლაურეატეს წოდება მიენიჭათ: ქართველ პოეტს, მანანა ჩიტიშვილს, პოეტური კრებულებისთვის  “მაინც საქართველო ერქვა” და “ასი ლექსი”; ალექსანდრე ქურდაძეს სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისთვის “ვაზის და ღვინის საგალობელი”; ნუგზარ ანთელავას მონოგრაფიისთვის “აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები”; ანზორ თოთაძეს სამეცნიერო ნაშრომებისთვის “საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულის მიჯნაზე” და “ქართველი და ოსი ხალხის თანაცხოვრების ისტორია”.  პირველი ხარისხის პრემია ასევე მიენიჭა მხატვარ რეზო (ემელიანე) ადამიას წიგნისთვის “სისხლიანი ცრემლი”, რომელიც ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, პოეტ ტერენტი გრანელს ეძღვნება.  ავტორმა დიდი შრომა გასწია პოეტის გრაფიკული ნამუშევრების მოძიებისა და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისთვის.  პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ბატონ ალექსანდრე ქურდაძის ნაშრომი, რომელიც პროფესიით მეღვინეა, აღწერს ვაზისა და მეღვინეობის როლს ქართველი ხალხის ისტორიული თვითშეგნების და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში.  განსაკუთრებით აღინიშნა ნუგზარ ანთელავას და ანზორ თოთაძის ნაშრომები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ეძღვნება.  ითქვა იმის შესახებ, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ასეთი ფუნდამენტური, მიუკერძოებელი და  კეთილსინდისიერი ნაშრომები გვეხმარება კონფლიქტების ბუნების გაანალიზებაში და მათი დარეგულირების ორმხრივად მისაღები გზების ძიებაში.

დავით აღმაშენებლის კონკურსის ნომინაციებში ლაურეატეს წოდება მიენიჭათ: ვაჟა შუბითიძეს, კრებულისთვის “ყველა დროის 100 საუკეთესო ქართველი” (ნომინაცია – სამაგიდო წიგნი), შოთა ზოიძეს, პუბლიცისტური ნაშრომისთვის “საქართველოს გოლგოთა” (ნომინაცია “ერის მოამაგენი”); სოსო სიგუას, პუბლიცისტური ტრილოგიისთვის “მარტვილი და ალამდარი” (ნომინაცია – “მწერალი და ისტორია”); ევგენი ბლიაძეს, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევისთვის “ერეკლე მეორე” (ნომინაცია _ “ქართველ მეფეთა ცხოვრება და ღვაწლი”);  ბორის დარჩიას, ბიბლიოგრაფიული კვლევისთვის “იაკობ შემოქმედელი” (ნომინაცია “ლიტერატურის ისტორია”); ალეკო ასლანიშვილს, დოკუმენტურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის “დაკარგული საფლავები” (ნომინაცია “გაცოცხლებული სახეები”). ნომინაციაში “მხედრული დიდების ისტორია” გაიმარჯვა ბატონმა ლევან დოლიძემ, წიგნით “გენერლები საქართველოდან”. ხოლო პრემია ნომინაციაში “საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ” მიენიჭა გრიგოლ ლიპარტელიანს, დოკუმენტურ-პუბლიცისტური ნაშრომებისთვის “გრიგოლ ლიპარტელიანის სამყარო” და “ქართველები პეტერბურგში”.  ერთდროულად ორი ავტორის ნაშრომებს მიენიჭა პრემია ნომინაციაში “ყრმობის ასაკში საკითხავი”, რაც იმ ყურადღების დამადასტურებელია, რომელსც პრემიის დამფუძნებელი და კონკურსის ორგანიზატორები ახალგაზრდა თაობის აღზრდას ანიჭებენ.  ესენი არიან – ლიანა ბარათაშვილი, წიგნისთვის “საქართველოში იბადებოდნენ” და ნუნუ ძამუკაშვილი, რომელსაც ჯილდო გადაეცა სალექციო ციკლისთვის “დავით მეოთხე აღმაშენებელი”, რომელიც წიგნის სახითაა გამოცემული. 

ჟურნალისტური პრემია “თანამოკალმე” გასულ წელს არავისთვის მიუნიჭებიათ.  სასიხარულოა, რომ ამჯერად მისი მფლობელი გახდა ძალზე ღირსეული კონკურსანტი, გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი, თემურ ქორიძე, რომელმაც საკონკურსოდ წარმოადგინა უაღრესად საინტერესო წიგნი “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.

და ბოლოს, სპეციალური პრიზი კომისიამ მიანიჭა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, პოეტ მიხეილ ტყებუჩავას, რომელიც “მებაღის” ფსევდონიმით წერს.  მას წამოდგენილი ჰქონდა პოეტური კრებული “წამის ათასწლეული”.

პრესკონფერენციის მსვლელობისას განხორციელდა სატელეფონო ჩართვა სანქტ-პეტერბურგთან, რომლის დროსაც ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელმა, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ებრალიძემ.  მან ლაურეატებს მიულოცა გამარჯვება და აცნობა, რომ დავით აღმაშენებლის კონკურსი არა მხოლოდ ჩატარდება მომავალ წელს, არამედ გაფართოვდება კიდეც.  საკუთარ გეგმებზე საუბრისას, ბატონმა ალექსანდრე ებრალიძემ განაცხადა: “მე მიჩვეული ვარ ჯერ გავაკეთო ქმედება, ხოლო შემდეგ ვილაპარაკო მსი შესახებ.  სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოში, საქართველოში, შექმნილი სიტუაციის გამო, მე პირიქით მოქმედება მიხდება.  ჩემი მთავარი ამოცანა და მთავარი სურვილია საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რათა მომეცეს საშუალება ჩამოვიდე საქართველოში, ვიყო თქვენთან ერთად და ჩემი ფიზიკური, ინტელექტუალური, მატერიალური შესაძლებლობები ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ გამოვიყენო”.  საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი მიზანი, იგი იმოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

ტატა მეტრეველისაქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრესმდივანი.