ვაჟა შუბითიძე

ვაჟა შუბითიძე დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს ქ. ხაშურში. 1982 წელს დაამთავრა ივ.  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი (მათ შორის 14 წიგნი - აქედან 4 მონოგრაფიაა, ხოლო დანარჩენი - სახელმძღვანელოები). ვაჟა შუბითიძე არის საქართველოში პოლიტიკურ იმიჯის შესახებ გამოცემული პირველი წიგნის ავტორი (რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს). ვაჟა შუბითიძე არის ეროვნულ პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ვაჟა შუბითიძის ნაშრომი ,,ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი”.  ხსენებული გამოცემა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. თანამედროვე მკითხველმა მიიღო წიგნი, რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მას, ხელახლა აღმოაჩენინებს თავის წინაპრებს და ღრმად დააფიქრებს საკუთარ მოწოდებასა და მოქალაქეობრივ დანიშნულებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი უძველესი ისტორიის უპირველს პროტაგონისტად წიგნში შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი ქმნილებაა წარმოდგენილი. ამით ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართული ეროვნულ-ისტორიული ცნობიერება, უწინარეს ყოვლისა, კულტურის პრიმატს ემყარება და ფართო მასშტაბის ღირებულებებზეა დაფუძნებული. ნაშრომში სიღრმისეულადაა წარმოჩენილი ქრისტიანული მსოფლმხედველობის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ისტორიული საზრისის ჩამოყალიბების პროცესში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ავტორი მეფე-მთავართა და სხვა საერო მოღვაწეთა პარალელურად განსაკუთრებით გამოჰყოფს პეტრე იბერის, გრიგოლ ხანძთელის, იოანე პეტრიწის, გიორგი მთაწმინდელისა და სხვა სასულიერო მოღვაწეთა დამსახურებას.,,ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი” უმაღლესი მეცნიერული კომპეტენციითა და მოქალაქეობრივი კეთილსინდისიერებით არის დაწერილი. ავტორი ხშირად და ხაზგასმით იმოწმებს წინამორბედ ისტორიოგრაფთა კვლევებს და დაკვირვევბებს, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მის მიერ მოწოდებულ მასალას. წიგნი გამოირჩევა დინჯი, ნათელი და ღრმააზროვანი თხრობით. ავტორი ჩინებული მოქართულეა, ამიტომ ნაშრომი ერთნაირად გასაგებია სხვადასხვა ასაკისა და მდგომარეობის მკითხველთა ფართო ფენებისათვის.  ბ-ნი ვაჟა შუბითიძის ,,ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი” განსაკუთრებით საჭიროა თანამედროვე ახალგაზრდობისათვის. იგი ჭეშმარიტად არის პატრიოტიზმის, მამულიშვილური მსოფლმხედველობისა და ისტორიის წინაშე მოქალაქობრივი პასუხისმგებლობის მქადაგებელი ნაშრომი.