თემურ ქორიძე

თემურ ქორიძე დაიბადა 1950 წლის 24 აპრილს. დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს 1986 წლიდან.  გამოქვეყნებული აქვს ათასამდე პუბლიცისტური წერილი სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ თემებზე ასევე თარგმანები და ესეები. თემურ ქორიძე არის Oავტორი წიგნების ,,დიდი წვრილმანები” და “საუბრები ჟურნალისტიკაზე”.  თეიმურაზ ქორიძე ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა. მან, როგორც მიუკერძოებელმა ჟურნალისტმა, ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. მძაფრ ისტორიულ მოვლენათა შუაგულში მყოფი ჟურნალისტი მუდამ გამოირჩეოდა მოქალაქეობრივი კეთილსინდისიერებითა და ღრმა პასუხისმგებლობით, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა მის პროფესიულ საქმიანობას.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო წიგნი ,,საუბრები ჟურნალისტიკაზე”, რომელიც თეიმურაზ ქორიძის მეორე წიგნია. Eესაა ვრცელი და მეტად საინტერესო ,,ამბავი” ჟურნალისტური გზის დაწყებაზე, მრავალრიცხოვან დაბრკოლებებზე და მათი გადალახვით მიღწეულ გამარჯვებებზე. ამასთანავე, ეს არის წიგნი, სადაც ავტორი _ჟურნალისტი და მოქალაქე, _ გულწრფელად გვესაუბრება ქვეყნის ბედზე, გარშემო მიმდინარე პროცესებზე და ადამიანებზე: მოკლედ, _ ყველაფერ იმაზე, რაც ჟურნალისტის თვალთახედვის არეალში მოხვედრილა.

,,საუბრები ჟურნალისტიკაზე” იმაზე გაცილებით ღრმა და ფართო მასშტაბის წიგნია, ვიდრე სათაური მიგვანიშნებს. ეს არის ფილოსოფოსის, სოციოლოგის, ფსიქოლოგის, ესთეტის დაკვირვებათა მრავალფეროვანი სამყარო. ეს სამყარო რთულია და წინააღმდეგობრივი, ზოგჯერ სამზერად ამაზრზენიც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ჩვენი, ჩვენს მიერ შექმნილი სამყაროა და მისი გამოსწორება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ავტორი შეფასებას აძლევს ცალკეულ მოვლენებს, პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, გვაჩვენებს ამ პროცესებში მონაწილე ადამიანთა რეალურ სახეებს და გვთავაზობს დასკვნებს, რომელთა გათვალისწინება დიდად წაადგება ჩვენს მომავალს.

ნაშრომი ამასთანავე წმინდა პედაგოგიური დანიშნულებისაა. თეიმურაზ ქორიძის “საუბრები ჟურნალისტიკაზე” მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც ჩვენი ეპოქის ისტორიულ-ფილოსოფიური ანარეკლი, როგორც ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი კეთილსინდისიერებით აღბეჭდილი დოკუმენტური ქრონიკა.

საკონკურსოდ წარმოდგენილმა წიგნმა დღის შუქი სულ ორიოდე თვის წინ იხილა, მაგრამ იგი უკვე მოექცა მკითხველი საზოგადოების ინტერესის შუაგულში.  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბატონი თემურ ქორიძე სრულიად დამსახურებულად გახდა პირველი მფლობელი ჟურნალისტური პრემიის “თანამოკალმე”.