შოთა ზოიძე

სოსო სიგუა დაიბადა 1949 წლის 16 ივნისს, მარტვილის რაიონის სოფელ ნეგებერაოში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1981 წელს – სადოქტორო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო გამომცემლობების “საბჭოთა საქართველოს” და “მერანის” რედაქტორი, ჟურნალ “განთიადის” უფროსი რედაქტორი, საქტელერადიოკომიტეტის მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა “დიდოსტატის” დირექტორი, კ. გამსახურდიას საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, “მწერლის გაზეთის” მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს ი. მაჩაბლისა და გ. ქიქოძის პრემიები. ს. სიგუა არის ეროვნული და ბიზნეს აკადემიების აკადემიკოსი. სოსო სიგუას ბიოგრაფია შეტანილია ენციკლოპედიური ხასიათის ცნობარებში. ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული აქვს 26 წიგნი და 500-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო “მარტვილი და ალამდარი”. ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დაწერილი სტატიებისა და მონოგრაფიების ციკლი სამ ტომად. პირველი ტომი "კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრების გზა", მთლიანად ეძღვნება კ. გამსახურდიას გენეალოგიის კვლევას, მისი პიროვნებისა და შემოქმედების სათავეებს. საამისოდ ს. სიგუა იყენებს უხვ საარქივო მასალას. ისტორიულად, დოკუმენტურად, საეკლესიო და საერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, ავტორი პოულობს კ. გამსახურდიას დიდ წინაპრებს, მის აფხაზ ბებიას, ბიძას, ძმებს, დებს და მათ ოჯახთან დაახლოებულ პირებს. მკვლევარი თითქოს მწერლის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებაზე გვიყვება, მაგრამ პარალელურად აღწერს თავისუფალი საქართველოს დაბადების პირველ წლებს, კონსტანტინეს ფედერალისტების ბრალდებით დაპატიმრებასა და გადასახლებას, მწერალთა კავშირის ჩამოყალიბებას, პირველი ქართული გაზეთების დაარსებას, მწერლის შეხვედრებს იმდროინდელ კორიფეებთან.

მეორე ტომი მთლიანად ეძღვნება "კ. გამსახურდიას პროზის სტრუქტურას", მის მეცნიერულ კვლევასა და შესწავლას. ავტორი ღრმად წვდება კ. გამსახურდიას მხატვრული სივრცის ჰორიზონტებს, მუდმივად ცვალებადსა და მერყევს, სწავლობს მწერლის აზრის სიზუსტესა და ემოციის ძალას, მისი გმირების მეტამორფოზას. ავტორი კონსტანტინეს ნაკვალევზე ჯიუტად მიმავალი მკვლევარია, ის ბეჯითად მსახურებს მწერლისა და ქურუმის მანტიაში გახვეულ შემოქმედს, ცდილობს არ გამორჩეს არც ერთი ამოსუნთქვა, ტკივილი თუ სიხარული, რათა შექმნას შემოქმედის სრულყოფილი პორტრეტი.

მესამე ტომში "კ. გამსახურდიას თეორიული სისტემა (1916-1926)წ”. და "სლანსკი, ასჩვიდმეტი" — ს. სიგუა თითქოს კვლავ თავიდან გაივლის გამსახურდიას მძიმე გზასა და შემოქმედების მთელ მისტერიას. აღნიშნული სამტომეული უდაოდ უწყობს ხელს ქართული ლიტერატურის პრესტიჟის ამაღლებას და ახალგაზრდა თაობის პატრიოტულ აღზრდას, რაც დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.