სოსო სიგუა

შოთა ზოიძე დაიბადა 1942 წლის 2 იანვარს, ქ. ბათუმში. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს - სადოქტორო. 1977 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია წიგნისთვის ,,უსანქციო სონეტები”. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობის რედაქტორად, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ.  გამოცემული აქვს ლექსებისა და ესეების 30 წიგნი. “შოთა ზოიძის სახით საქართველოს ცის ქვეშ დგას პოეტი, რომელსაც სამყაროსათის ფართოდ აქვს გახსნილი გული და სმენა, თავის არსებაში გაატარებს დროის ყველაზე მღელვარე მომენტებს, იკრებს ტკივილებს, ბედნიერების წამებს, ყველაფერს, რასაც მღელვარე ცხოვრება ჰქვია” – ასეთ შეფასებას აძლევს მას, როგორც პოეტსა და შემოქმედს, ერთ-ერთი წიგნის წინათქმაში ჯანსუღ ღვინჯილია.  შოთა ზოიძეს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, როგორც პოეტს, მწიგნობარსა და საზოგადო მოღვაწეს.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო პუბლიცისტური ნაშრომი ,,საქართველოს გოლგოთა”.  წიგნი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას ეძღვნება.  ეს არის დიდი წინაპრისთვის დადგმული ძეგლი, რომელიც შთამბეჭდავად გადმოგვცემს ილიას მღელვარე ცხოვრების მაჯისცემას. ,,დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს მთლიანობისთვის არც ერთ საზოგადო მოღვაწეს არ გაუღია იმდენი მსხვერპლი, იმდენი ენერგია ქვეყნის შინაურ და გარეშე მტრებთან ბრძოლაში, არ გაუმართავს იმდენი ომი, რამდენიც ილია ჭავჭავაძემ” — ასე იკვეთება ილიას მონუმენტური ფიგურა და ავტორი ფერმწერის სიცხადით უმატებს მას შთამბეჭდავ შტრიხებს, რითაც კიდევ უფრო ღრმად გვახედებს გმირის უკიდეგანო სამყაროში. ნაშრომი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აცოცხლებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს, უყურადღებოდ არ ტოვებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდებსაც კი, რაც თავისთავად, ავტორის მაღალ მოქალაქეობრივ კულტურაზე და მეცნიერულ კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.

საგულისხმოა, რომ ბ-ნი შოთა ზოიძე, როგორც მკვლევარი და პუბლიცისტი, Aამ შემთხვევაშიც პოეტად რჩება და ეს ყველაზე თვალშისაცემად თხრობის უაღრესად დახვეწილ მანერაში რეალიზდება. ილიას ცხოვრების მღელვარე ისტორიას ის წარმოგვიდგენს დინამიური და ექსპრესიული პასაჟებით, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. “...პეტერბურგისაკენ მიმავალს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა როგორ საქართველოს ტოვებდა. Aამიტომ მისი ყოველი ნაბიჯი წინდახედული კაცის მოძრაობა იყო, მისი სიტყვა კი ... სამშობლოს ბედ-იღბალზე დაუშრეტელი ფიქრი”. ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობის საფუძვლიანი შესწავლა და პოპულარიზაცია თავისთავად დიდი საქმეა. ავტორის ეს ღირსეული და მამულიშვილური ნაბიჯი დამსახურებული გამარჯვებით დაგვირგვინდა.  ასეთი წიგნების პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც თვით ამ ნაშრომის ავტორის მშობლიურ ქალაქში ილიას ძეგლს სადღაც კედლის უკან მალავენ, ხოლო მის ადგილს ხელოვნების ნიღაბამოფარებული უხამსობა იკავებს.