რეზო ემელიანე ადამია
რეზო ადამია დაიბადა 1938 წელს სოფელ ძველ სენაკში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1997 წელს პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო საფრნგეთში, ქალაქ დიჟონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე. 1998 წელს პარიზში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა ,,თოვლი საქართველოში”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. 2001 წელს რეზო ადამია პარიზში მიიწვიეს შემოქმედებითი სამუშაოს გაგრძელების მიზნით; მიწვევა მომდევნო წლებშიც განმეორდა. რეზო ადამია არის ეგრისის მეცნიერებათა აკადემიის, ეროვნული აკადემიის, ფაზისის აკადემიისა და კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მას დაწერილი აქვს მრავალი ესე და მეცნიერული წერილი, ნოველები და მოთხრობები. 2010 წელს გამოაქვეყნა ესე რენუარის შესახებ. არის მწერალთა კავშირის წევრი. მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის პრემია. ბატონმა რეზო ადამიამ ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად მიუძღვნა ტერენტი გრანელის პიროვნების შესწავლას, მისი ფერწერული ნამუშევრების მოძიებასა და გრაფიკულ დასურათებას. გამოსაცემად მზადდება მისი წიგნი “23 ესე მსოფლიოს გამოჩენილ უდიდეს მხატვრებზე”.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბ-ნი რეზო ადამიას წიგნი “სისხლიანი ცრემლი”. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მხატვარი ამჯერად მკითხველმა უაღრესად საინტერესო კვლევის ავტორად იხილა. როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი, ის ღრმა ინტერესით აკვირდება გარშემო მიმდინარე პროცესებს. შემოქმედის მახვილი თვალი განსაკუთრებული მგრძნობელობით აღიქვამს ხელოვნების სფეროში არსებულ რეალიებს. Bბ-ნი რეზო ადამია ჩინებული პუბლიცისტი და ანალიტიკოსია. ეს კარგად გამოჩნდა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში. წიგნის სათაური—,,სისხლიანი ცრემლი” ღრმა ტრაგიზმის მიმანიშნებელი ზუსტი ხატია. ავტორი ფართო კონტექსტში წარმოაჩენს ტერენტი გრანელის სულიერ დრამას. მას სწამს, რომ შემოქმედი ადამიანის მოუსვენარი სულის მძაფრი მოძრაობა და მისი მრავალსახეობა, თავისთავად უაღრესად საინტერესო მოვლენაა. მისი მსჯელობა შთამბეჭდავი და ექსპრესიულია. ტერენტი გრანელის შინაგან განცდებზე საუბრისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველი ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანის წუთიერი სიამოვნების და განცდის დასასრული ძუნწ წამებში თავსდება და მისი საამო ფინალიც სევდის ბურუსითაა მოცული. ავტორი მიიჩნევს, რომ კოლხური ფესვებიდან აღმოცენებული პოეტი, ღრმა განცდებით აღსავსე, უსაზღვრო პოეტური თრობით იყო შეპყრობილი და მისი პოეტური შედევრიც სწორედ ამგვარი განცდებით იყო ნასაზრდოები.წიგნი სრულიად ახალ ინფორმაციას გვაწვდის ტერენტი გრანელის ფერწერულ ნიჭზე. Aაქ პოეტის არაერთი ჩანახატია წარმოდგენილი, რაც გრანელის პოეტურ ნატურას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ამ წიგნმა უკვე დააინტერესა ქართველი მკითხველი. იგი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე სალიტერატურო ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ავტორს არც წიგნის გამოქვეყნების შემდეგ შეუწყვეტია ტერენტი გრანელის ფერწერული ნამუშევრების აღდგენა-მოძიება, რომლებიც უხვადაა წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომთან ერთად.



