ნუნუ ძამუკაშვილი
ნუნუ ძამუკაშვილი დაიბადა 1938 წლის 1 იანვარს თელავის რაიონში სოფელ რუისპირში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასპირანტურა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1985 წლიდან 2006 წლამდე იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კათედრაზე. იმავდროულად იყო თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტების პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ორმოცამდე შრომა, მათ შორის მონოგრაფია ,,დავით აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა”. აღნიშნული კვლევა სამჯერ არის გამოცემული – 2002, 2005 და 2007 წლებში, რაც აღინიშნული წიგნისადმი დიდ ინტერესზე მეტყველებს. ნუნუ ძამუკაშვილი არის პროფესორი, საქართველოს ეროვნული და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის წევრი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ნუნუ ძამუკაშვილის ნაშრომი: ,,დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ეს არის სალექციო კურსი, განკუთვნილი, როგორც ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებისათვის, საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.
ავტორი მიმოიხილავს დავითის ეპოქას და საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძლევამოსილი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, მოგვითხრობს ქართველთა ჯარის ბრწყინვალე გამარჯვებაზე დიდგორის ომში, მეფე დავითის სტარტეგიულ, მხედართმთავრულ ნიჭზე, მის ძლევამოსილ ბრძოლებზე ზედაზნის, სამშვილდეს, რუსთავის, ლორეს ასაღებად, საქართველოსთვის ჰერეთისა და კახეთის შემოსაერთებლად. ნ. ძამუკაშვილის ნაშრომი ეყრდნობა მდიდარ ისტორიულ წყაროს, გაწეულია დიდი შრომა, მოძიებულია მრავალი არქეოლოგიური, ეპიგრაფიკული და ნუმიზმატური მასალა. კითხვისას იგრძნობა ის დიდი სიყვარული და რუდუნება, რომლითაც ავტორს ამ ნაწარმოებზე უმუშავია. წიგნი ,,დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა” ქართველ ახალგაზრდათა მრავალ თაობას გაუწევს კეთილ სამსახურს.
ქალბატონი ნუნუ დღესაც მარცვალ-მარცვალ აგროვებს დოკუმენტებით გამყარებულ მასალას დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ძალასა და ენერგიას არ იშურებს დავითის ეპოქასთან დაკავშირებული იმ თარიღების, დეტალებისა თუ ნიუანსების დასაზუსტებლად, რომლებიც ჯერ კიდევ სადაოდაა მიჩნეული ქართველი თუ უცხოელი ისტორიკოსების მიერ.აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქალბატონ ნუნუს ასობით მოსწავლე და სტუდენტი ჰყავს აღზრდილი, რომლებსაც ისე შეაყვარა მშობლიური ქვეყანა და მისი ისტორია, რომ თითქმის ყველა მათგანი დღემდე უდიდეს პატივისცემას გამოხატავს ქალბატონი ნუნუს, როგორც პედაგოგისა და აღმზრდელის მიმართ.



