ნუგზარ ანთელავა
ნუგზარ ანთელავა დაიბადა 1954 წლის 8 ივლისს ქ. ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ასპირანტურა. მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამჟამად აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა, კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტებში. ნუგზარ ანთელავა არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია. იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიის პრობლემებს. 2005 წელს ნუგზარ ანთელავა შეუდგა საისტორიო მასალების გამოცემას რუბრიკით ,,ქართულ-კავკასიური ეთნოლოგიური ეტიუდები”.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ნ. ანთელავას ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი ,,აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები”. მასში მოცემულია აფხაზთა ეთნოგენეზის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების სკრუპულოზური ანალიზი. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ ქართულ ენაზე ამ რანგის ნაშრომი იშვიათად მოგვეპოვება. რელიგიური მდგომარეობის თავისებურებების განხილვისას, ავტორი გულდასმით ააანალიზებს აფხაზთა მრავალკონფესიურ მიდრეკილებებს და მართებულად ასკვნის, რომ საკრალური სივრცისა და საკულტო ადგილების ფორმირების თვალსაზრისით, ჩრდილოკავკასიელთაგან განსხვავებით, აფხაზურ რეალობას ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ახასიათებს: ისინი მიბმულნი არიან ქრისტიანულ საკულტო ძეგლებთან. აღნიშნული გარემოების ახსნისას მკვლევარი მიუთითებს, რომ დღევანდელი აფხაზების ჩრდილოდასავლეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ წინაპრებს, რომლებსაც აფხაზური ეთნოსის ჩამოყალიბებაში ლომის წილი უდევთ, მართალია, ჩამოჰყვათ იქაური მითოსური აზროვნება, მაგრამ ახალ სამშობლოში ისინი ,,საკუთარ რელისივრცეებს” კი არ ქმნიან, არამედ ადგილობრივ მკვიდრთაგან ითვისებენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ,,მზა საკრალურ სივრცეს”, რომელიც ქრისტიანულ საკულტო ადგილებს უკავშირდება. ავტორი შენიშნავს, რომ აფხაზთმცოდნეობის ლიტერატურაში დღემდე აუხსნელი რჩება ისეთი ფრიად საინტერესო ფაქტი, როგორც არის აფხაზი ხალხის შემოქმედებაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულების მქონე მითოპოეტური ნიმუშების არსებობა. Eეს არის ბზიფის აფხაზეთში გავრცელებული ნართული ეპოსი და მხოლოდ აბჟუის მხარეში ცნობილი თქმულება აბრსკილზე — ამირანის ტიპის საგმირო ეპოსი. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული ეპოსი არაა საერთოაფხაზური მოვლენა და გადმოცემის სიუჟეტი ამირანის ეპოსის დასავლურქართული წარმოშობისა უნდა იყოს. ბ-ნი ნ. ანთელავას ნაშრომი მრავალრიცხოვან სამეცნიერო წყაროს ითვალისწინებს და ყოველი მათგანი გულმოდგინედ არის გაანალიზებული. ავტორი მეცნიერული კეთილსინდისიერებით ეკიდება წინამორბედთა ნააზრევს და არ გაურბის მათ კრიტიკულ შეფასებას. ეს ნაშრომი ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შენაძენია Mმთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.



