მიხეილ ტყებუჩავა (მებაღე)
მიხეილ ტყებუჩავა (მებაღე) — დაიბადა 1984 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2000 წელს სწავლობდა ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში. 2004 წელს იყო ამერიკის შეერთებული შტატების 31 შტატში. Lლექსების წერა დაიწყო 22 წლის ასაკში. არის ხუთი წიგნის ავტორი. დაწერილი აქვს 6 პოემა, მათ შორის ერთი ათას სტროფიანი პოემა ,,წამის ათასწლეული”, რომელიც გლობალურ სივრცეებში არსებულ მრავალ პრობლემას ეხება. იგი ასევე ავტორია მოკლემეტრაჟიანი ფილმების —,,პოეზიის ბაღი”, ,,კინოპოეზია” და ,,პოეზიის ტაძარი”.
,,მებაღე” ახალგაზრდა და ფრიად საინტერესო პოეტის ფსევდონიმია. ეს ახალგაზრდობა კი მხოლოდ ლექსებში აღძრული განწყობილებებით და ემოციებით არ იზომება. ახალგაზრდობა გარესამყაროსთან დამოკიდებულების, ბუნებასთან და ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა და შინაარსია, ახალგაზრდობა სულის მდგომარეობაა, რომელიც მთელ სამყაროს იტევს.
,,იგრძენი გული შენი და შენ იგრძნობ სიყვარულს,
იხილე სული შენი და შენ იხილავ უსასრულობას,
ამის შემდეგ შენ იპოვნი, იგრძნობ ჩემს პოეზიას”, —
ასე მხოლოდ ახალგაზრდას შეუძლია ფიქრი და ოცნება, მხოლოდ ახალგაზრდობა იძლევა შთაგონების ასეთ იმპულსებს. მაგრამ მასთან ერთად ჩნდება თვითშემეცნებით აღძრული მძიმე ემოციებიც, რომლებსაც ადამიანის ნაადრევი დაბრძენება შეუძლია.,,ოთხმოცდაოთხში მე განაჩენი გამომიტანესო”— შენიშნავს ავტორი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თავისი ამ ქვეყნად მოვლინება მას ერთგვარ განაჩენად ესახება და დრამატიზმის ბურუსში ახვევს. Eეს კი უკვე ფილოსოფიურ სიბრძნესთან ზიარებული განცდაა სიცოცხლისა, სწორედ ამაზე მეტყველებს ავტორის ერთ-ერთი ჩანაწერიც: ,,მარტო ვარ, მაგრამ მთელი სამყარო ჩემია. Aარსად ვარ, მაგრამ ყველგან ვარ... ხან არქეოლოგი ვარ. ხან მონადირე. ხანაც უბრალო მებაღე დედამიწისა”. მსგავსი შინაგანი მეტამორფოზები ახალ-ახალი განცდებით აღავსებს ავტორს, რომელმაც კოსმოსთან ჰარმონიის მიღწევა დაისახა მიზნად და სახელად მებაღე აირჩია.
,,მებაღე თავის ბაღებს
კალმის სიამით ალაღებს,
ღვთაებრივ ჭიშკარს აღებს,
ამილიონებს თაღებს”..
უკვე ვიცანით: ეს ჩვენი მებაღეა, რომელიც ენერგიულად აღებს პოეზიის ,,ღვთაებრივ ჭიშკარს”და სამომავლოდ ამაღლებული სულიერებით გამსჭვალულ მშვენიერ ლექსებს გვპირდება.



