მანანა ჩიტიშვილი

მანანა ჩიტიშვილი — დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს, ქსნის ხეობაში, ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში. 1974 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. იბეჭდებოდა ჟურნალებში ,,ცისკარი”, ,,მნათობი” და გაზეთში ,,ლიტერატურული საქართველო”. გამოცემული აქვს ლექსების რვა კრებული. მიღებული აქვს 6 ლიტერატურული პრემია. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. Mმისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. 2003 წელს ამერიკის ბიოგრაფიის უნივერსიტეტმა შეიტანა კრებულში ,,თანამედროვე ეპოქის ცნობილი ადამიანები”.  გასულ წელს მიიღო დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია ნომინაციაში “ერის ტკივილი ლექსად”.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო პოეტური კრებულები “მაინც საქართველო ერქვა” და “ასი ლექსი”.  ერთ-ერთ კრებულზე წამძღვარებულ წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “სადაც არ უნდა იყოს, ფიქრით ქსნის ხეობას დაატარებს.  ფიქრშივე გაუყვება მთებს შორის ჩარჩენილ ბილიკს და უსათუოდ იმ ადგილს მიაღწევს, ცა უფრო მაღალი რომაა, მზე – უფრო მცხუნვარე და თითქოს უფრო მეტ სითბოდ გადმოღვრილი.  ... მანანა ჩიტიშვილსაც საქართველოსა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამოარჩევს. ეს სიყვარული ასაზრდოებს და შთააგონებს. მისი აღმაფრენაც ესაა. მფარველი ანგელოზივით თან დაჰყვება და არც ერთი სიტყვა არ დასცდენია ამ დიდი მადლის გარეშე”. კრებულში უხვადაა ქალბატონ მანანას სულის ტკივილის – სამაჩაბლოს გამოძახილი.  მისი ხანდაზმული დედა ხომ დღესაც ახალგორის რაიონში, კვლავ მშობლიურ კორინთაში ცხოვრობს, კერას არ ტოვებს და იქ ქართველების დაბრუნებას ელოდება. ქსნის ხეობის ეს გენეტიკური სიყვარული აძლევს მას უნარს თვალნათლივ დაანახოს იგი იმ ადამიანებს, ვისაც ქსანი თვალითაც არ უნახავს.  ახალგორელი პოეტის უმთავრესი სატკივარი კვლავ სვეგამწარებული მამულია და სწორედ აქ არის მისი ლექსი ყველაზე მეტად ძარღვიანი.  ქალბატონი მანანა ჩიტიშვილის ცხოვრება და ლექსი ერთურთისაგან განუყოფელია — იგი ისე ცხოვრობს, როგორც წერს. თავად სიტყვაძუნწ შემოქმედს უხვსიტყვაობა არ უხდება.  მასზე სათქმელს მისი ლექსი ამბობს:

“აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, 
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, 
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია”.