ლევან (ლეონიდე) დოლიძე

ლევან დოლიძე დაიბადა 1939 წლის 30 ნოემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეცნიერ მუშაკად, მოსკოვის გაზეთ ,,კურანტის” საკუთარ კორესპონდენტად ამიერკავკასიაში. 50 წელია ეწევა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. არის ავტორი წიგნების: ,,მხედართმთავრები საქართველოდან (1986); “გენერლებად არ იბადებიან” (1993),  ,,გენერალისიმუსი, მარშლები, ადმირალები, გენერლები _ ჩვენი თანამემამულენი” (2000); ,,76 წელი სცენაზე”(1999), ,,Рядом и на всю жизнь”. არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. ქართული ჟურნალისტიკის განვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაღალპროფესიულ დონეზე წარმოჩენაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პუბლიცისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბ-ნი ლევან დოლიძის წიგნი ,,გენერლები საქართველოდან”, რომელიც ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია. ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ არის, თუ რა მასშტაბის შრომა, კომპეტენცია და ენთუზიაზმი სჭირდება მსგავსი წიგნების დაწერას.  ქართული გენერალიტეტის სამასწლიანი ისტორიის აღნუსხვა, ანალიზი და სისტემატიზაცია იმდენად საძნელო საქმეა, რომ მისი სრულყოფა ჩვენი საერთო-ეროვნული აზროვნების მიღწევადაც შეიძლება ჩაითვალოს. ავტორი სავსებით მართებულად შენიშნავს, რომ სწორედ მხედრულმა ნიჭმა და შემართებამ შეაძლებინა ჩვენს წინაპრებს წინ აღდგომოდნენ დამპყრობთა ჭარბ ძალებს და დღემდე მოეტანათ საკუთარი თვითმყოფადობა. მაგრამ, ამასთანავე, ის დაუფარავად და შეულამაზებლად წარმოგვიდგენს საქართველოს ისტორიის იმ ტრაგიკულ ეპიზოდებს, სადაც ერთი ერის შვილები ,,ბარიკადის საპირისპირო მხარეს” იდგნენ. ნაშრომში შეკრებილი ვრცელი მასალა ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის რუსეთის იმპერიის პირველ ქართველ გენერლებზე, ბაგრატიონთა შთამომავლებზე, მათ საბრძოლო ბიოგრაფიებსა და მრავალრიცხოვან დამსახურებებზე.  კრებულში ცალკეა გამოყოფილი 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის მშენებლობის ამსახველი დოკუმენტები. საგულისხმოა, რომ ბ-ნი დოლიძე ამ შემთხვევაშიც ბოლომდე ინარჩუნებს მკვლევარისათვის აუცილებელ ობიექტურობას და კეთილსინდისიერად მიუთითებს დამოუკიდებელი საქართველოს გენერალიტეტის ჩამოყალიბებაში რუსულ-ქართული ტრადიციის მნიშვნელობაზე. ისტორიიდან კარგად არის ცნობილი იმ განსაკუთრებული როლის შესახებ, რომელიც ქართველმა მხედართმთავრებმა შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. აქ ავტორი სავსებით სამართლიანდ გამოჰყოფს გენერალისიმუს იოსებ სტალინის ფიგურას, რომელმაც, როგორც თვით მისი უცხოელი მოწინააღმდეგენიც კი ღიად აცხადებდნენ, - გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში.

,,ქართველი გენერლები” სწორედ ის წიგნია, რომელიც დღეს ჰაერივითაა საჭირო ეროვნული სამხედრო-პატრიოტული აზროვნების ფორმირებისთვის.