გრიგოლ ლიპარტელიანი
გრიგოლ ლიპარტელიანი დაიბადა 1938 წლის 6 დეკემბერს, ლენტეხის რაიონში, სოფელ ხოპურში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ წარმატებით დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტექნიკური სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ქალაქ პეტროზავოდსკში. 30 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე. ამჯერად არის კადრის ოფიცერი. გრიგოლ ლიპარტელიანი რვა წიგნის ავტორია. არჩეულია მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიო აკადემიის წევრად. 1989 წელს გ.ლიპარტელიანმა შექმნა ორგანიზაცია ,,მეცენატი”. მისი სახელი შეტანილია წიგნში ,,ცნობილი ადამიანები სანკტ-პეტერბურგში”. დაჯილდოებულია ,,პეტრე პირველის,, სახელობის პირველი ხარისხის ორდენით, იური გაგარინის, კოროლიოვის სახელობის მედლებით, ასევე ,,გ.რ დერჟავინის,, სახელობის ოქროს მედლით. Aარის რუსეთის მწერალთა რეგიონალური კავშირის წევრი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო გრიგოლ ლიპარტელიანის თხზულებები - ტრილოგია “გრიგოლ ლიპარტელიანის სამყარო” და “ქართველები პეტერბურგში: ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვეობა”. ნაშრომი ,,ქართველები პეტერბურგში” საინტერესო კუთხით ასახავს ქართულ-რუსულ ისტორიულ ურთიერთობებს. ავტორი მოკლედ მიმოიხილავს პეტერბურგის დაარსების ისტორიას. ის აქცენტს აკეთებს იმ კულტურულ-ინტელექტუალურ ელიტაზე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა პეტრეს ქალაქში. ავტორს განსაცვიფრებელი მასშტაბის შრომა გაუწევია, შეუსწავლია მრავალრიცხოვანი დოკუმენტური და საარქივო მასალა, დაუდგენია მათი აუთენტურება და სარწმუნო დასკვნების გაკეთებაც ამიტომ ეადვილება. ნაშრომში ვეცნობით ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან ქართველ მოღვაწეს, ვისაც კი პეტერბურგთან რაიმე კავშირი ჰქონია. მათ შორის არიან ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენლები, პოეტები, მეცნიერები, პედაგოგები, ექიმები და სამხედროები.
საგულისხმოა, რომ ბევრი მათგანი ან სულაც უცნობია თანამედროვე საქართველოში, ანდა მივიწყებულად ითვლება.
წიგნი ,,გრიგოლ ლიპარტელიანის სამყარო”, Mმიუხედავად მემუარულ-ბიოგრაფიული შინაარსისა, ადამიანური ყოფის ფართო ანალიზს გვთავაზობს. ამ სამყაროში ავტორის გვერდით ცოცხლობენ და სუნთქავენ დიდებული მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები და ის უბრალო, რიგითი ადამიანები, რომელთა დავიწყების უფლებაც არავის აქვს. Bბ-ნი გრიგოლი სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობს მათზე, ცდილობს რაც შეიძლება ფართოდ განავრცოს მათგან მომდინარე სიკეთის შუქი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სიკეთე კონკრეტული პიროვნების ნიჭია და არა ზოგადი, ანონიმური ფასეულობა, ანუ როგორც თავად ბ-ნი გრიგოლ ლიპარტელიანი შენიშნავს - ,,მეცენატი საკუთარი სახელია”.
ვფიქრობთ, ბ-ნ გ. ლიპარტელიანის წიგნები დიდ როლს შეასრულებს ქართულ-რუსულ ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების საქმეში. Eეს კი უაღრესად მაღალი მისიაა, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ თხზულებათა საზოგადოებრივ მნიშვნელობას.



