ევგენი ბლიაძე

ევგენი ბლიაძე დაიბადა 1939 წელს. წარჩინებით დაამთავრა სკოლა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. წლების განმავლობაში მუშაობდა საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. იყო ქუთაისის პედინსტიტუტის (შემდეგ უნივერსიტეტის) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში. 1993 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოცენტი, 1994-2004 წლებში ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.  1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს – სადოქტორო. კითხულობდა ლექციების კურსს პოლიტოლოგიაში, ქართული პოლიტაზროვნების ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში.  1997-1998 წლებში გამოვიდა მისი წიგნები ,,ბედის კარნახით” და ,,საბედისწერო ნაბიჯი”. ევგენი ბლიაძე არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 მონოგრაფიაა. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბ-ნი ევგენი ბლიაძის მონოგრაფია ,,ერეკლე II”. ეს ნაშრომი სახელოვანი მეფის პოლიტიკური ბიოგრაფიის კვლევის ფრიად წარმატებული ცდაა. ჩვენი ისტორიოგრაფია ამ თვალსაზრისით განებივრებული ნამდვილად არ არის. ამიტომ დასახელებული ნაშრომის მნიშვნელობა სცილდება რიგითი კვლევის ფარგლებს და თავისი შინაარსით განუმეორებელ ფასეულობად უნდა მივიჩნიოთ. ავტორი საფუძვლიანად იცნობს ქართულ და უცხოურ წყაროებს, წერილობით ძეგლებს და ზეპირგადმოცემებს. ეს ცოდნა მას კარნახობს, დააკმაყოფილოს ის დიდი ინტერესი, რომელიც ერეკლე მეორის მიმართ არსებობს მკითხველ საზოგადოებაში. მისი ღვაწლისადმი მკვლევარის დამოკიდებულება განაპირობა ამ სახელმწიფო მოღვაწის განსაკუთრებულმა როლმა ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებით გამოიხატა. ისტორიული სიმართლის ზედმიწევნით გააზრებას ემყარება ბ-ნი ე. ბლიაძის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის მეფეებმა მოღვაწეობა თითქმის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პირობებში დაიწყეს, მაგრამ მათ წინაშე იმდენად მწვავე პრობლემები იდგა, რომ ქვეყნის ,,გამოხსნა_აღდგომის” საქმის წარმატებისთვის კიდევ მრავალი ბრძოლა და გარდაქმნა იყო საჭირო. ავტორი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს ამ ბრძოლებისა და გარდაქმნების პრინციპებს, ვრცლად საუბრობს ერეკლე მეორის საშინაო და საგარეო პოლიტიკს მიმართულებებზე.

ბ-ნი ევგენი ბლიაძე განსაკუთრებული შთამბეჭდაობით გადმოცემს ირანელ დამპყრობლებთან ბრძოლის ხანგრძლივ ეპოპეას და ამ ფონზე მეცნიერული კეთილსინდისიერებით აანალიზებს ქართულ-რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს.  დასახელებული მონოგრაფია დიდი შენაძენია ჩვენი ახალგაზრდობისათვის. წიგნი მხურვალე პატრიოტიზმით არის გამსჭვალული და მკითხველში უთუოდ აღძრავს ქართული ეროვნული ფასეულობებისადმი ღრმა მოკრძალებას და პატივისცემას.