ბორის დარჩია
ბორის დარჩია დაიბადა 1936 წლის 9 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფელ სილაურში. 1959 წელს წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს _ სადოქტორო. მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობებზე. ბატონი ბორის დარჩია 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქედან 6 წიგნია. ამასთანავე, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 100-მდე მეცნიერულ-პოლემიკური და კრიტიკული ხასიათის სტატია აქვს გამოქვეყნებული. იგი არის ლიტერატურის ისტორიის მართლაც დაუღალავი მკვლევარი. ბ. დარჩია აქტიურად იკვლევს ძველ ქართულ მწერლობას და მომდევნო საუკუნეების ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ხოლო მისი ინტერესის ცენტრალური ფიგურა მაინც რუსთველოლოგიაა.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბ-ნ ბორის დარჩიას ფუნდამენტური ნაშრომი ,,იაკობ შემოქმედელი”. ეს ნაშრომი ქართული ფილოლოგიის ჭეშმარიტ აღმოჩენათა რიცხვს მიეკუთვნება. ღრმა მეცნიერული კვლევის და დაუღალავი შინაგანი ენთუზიაზმის გარეშე მსგავსი წიგნები არასოდეს შექმნილა. ამიტომ შეუძლებელია სათანადოდ არ დაფასდეს ის მრავალწლიანი გარჯა, რაც მეცნიერმა გასწია კვლევა-ძიების პროცესში.ნაშრომი ეძღვნება XVII საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწისა და მაღალი პოეტური კულტურის მქონე მოაზროვნის იაკობ შემოქმედელის (დუმბაძის) ღვაწლს და საქმიანობას. ფართო დიაპაზონის მწიგნობრის მხატვრულ ქმნილებათა სიღრმისეული ანალიზის შედეგად ავტორი ასკვნის, რომ იოანე შავთელის ნაწარმოებად მიჩნეული ,,აბდულმესია” იაკობ შემოქმედელის კალამს ეკუთვნის. ავითარებს რა თავის არგუმენტირებულ ვერსიას, მკვლევარი განამტკიცებს აღნიშნულ მოსაზრებას და გვარწმუნებს, რომ იაკობ შემოქმედელის თხზულება არის არა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის ან დავით სოსლანის სახოტბო ნაწარმოები, არამედ მისივე თანამედროვე მეფე-პოეტის, არჩილ მეორის, ქრისტიანობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ ქართველ მეფეთა ღვაწლისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული ქმნილება, ეს კი მეტად გაბედული სიახლეა. მონოგრაფიის მაღალ ღირსებაზე ისიც მეტყველებს, რომ ავტორი სრულყოფილად და მაქსიმალური სიზუსტით აღნუსხავს საკვლევი თემის გარშემო არსებულ შეხედულებათა მრავალფეროვან სპექტრს და სათანადოდ განიხილავს ყოველი მათგანის როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებს. Aამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა დროს ჩვენ ერთხელ კიდევ ვხვდებით ბ-ნ ბორის დარჩიას მეცნიერული კეთილსინდისიერების მოწმენი. აქვე უნდა აღინიშნოს, ბოლოდროინდელი ქართული ფილოლოგიური მეცნიერება ნამდვილად არ არის განებივრებული ფუნდამენტური გამოკვლევებითა და მნიშვნელოვანი ნოვაციებით. Bბ-ნ ბორის დარჩიას ნაშრომი კი ერთგვარად ავსებს ამ სიცარიელეს და იმედს გვინერგავს, რომ ქართული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კვლევა საიმედო მეცნიერთა ხელშია.



