ალექსანდრე ქურდაძე
ალექსანდრე ქურდაძე დაიბადა 1930 წლის 15 მარტს ქ. ხაშურში. 1949 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის საპატიო წოდება. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1981 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, მევენახეობის და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად. 1999 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო წოდება. არის 98 გამოგონების, 5 წიგნისა და 55 პუბლიკაციის ავტორი. მისი ლიცენზიები შესყიდული აქვთ იტალიაში, ფინეთში, ესპანეთსა და არგენტინაში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
ბატონმა ალექსანდრე ქურდაძემ საკონკურსოდ წარმოადგინა ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი ,,ვაზისა და ღვინის საგალობელი”. აქ დეტალურადაა აღწერილი მეღვინეობის ისტორია, ვაზის მნიშვნელობა ქართველი კაცის მსოფლმხედველობის განვითარებაში, მიმოხილულია სხვადსხვა დროისა და ეროვნების გამოჩენილ ადამიანთა შეხედულებანი, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს წარმოდგენას მევენახეობის კულტურაზე.წიგნი შთამბეჭდავია იმ თვალსაზრისით, რომ ავტორს გულმოდგინედ შეუკრებია ვაზისა და ღვინის თემასთან დაკავშირებული ხელოვნების ქმნილებები, რაც, თავისთავად, მეტად საყურადღებო საკითხავად აქცევს ამ უდაოდ საინტერესო წიგნს. როგორც წესი, ასეთი წიგნები არ იქმნება მხოლოდ მეცნიერული ინტერესის საფუძველზე. საჭიროა დიდი ენთუზიაზმი და პატრიოტული შემართება, რაც ბატონ ალექსანდრე ქურდაძეს ასე უხვად აქვს მომადლებული. ისიც უნდა ითქვას, რომ ავტორს განსაკუთრებით იტაცებს ქართული პოეზიის, ფერწერის, ეროვნული სიმბოლიკისა და საერთოდ, ხელოვნებით აღძრული განცდები. ყოველივე ეს ხაზგასმულად წარმოაჩენს მის მწიგნობრულ ხასიათს. შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ბ-ნ ალექსანდრე ქურდაძეს, როცა ის დამაჯერებლად შენიშნავს: ,,არა გვგონია საქართველოს მსგავსად რომელიმე სხვა ქვეყნას ჰქონდეს ვაზის სადიდებლად ესოდენ მდიდარი ხალხური სიტყვიერება, ულამაზესი პოეტური და მუსიკალური ქმნილება ,,ვაზო, შვილივთ ნაზარდო”, რომელშიც ვაზისადმი სიყვარული შვილის სიყვარულთანაა გათანაბრებული. წიგნი განმსჭვალულია ქართული ეროვნული ტრადიციის ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით. ავტორი თანმიმდევრულად მოგვითხრობს მევენახეობის კეთილისმყოფელ გავლენაზე ჩვენი ეთნოსის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გარემოება: ბ-ნი ალექსანდრე ქურდაძე კარგი მოქართულე და მხატვრული თხრობის ოსტატია. ის ამ შემთხვევაშიც ეროვნული ტრადიციების ღირსეულ წარმომადგენლად გვევლინება.



