ალეკო ასლანიშვილი

ისტორიკოსი და ჟურნალისტი ალვენ (ალეკო) ასლანიშვილი დაიბადა 1941 წელს, თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პრესაში მუშაობს 1968 წლიდან. 1993 წლიდან დღემდე ,,საქართველოს რესპუბლიკის” რედაქტორია. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური ნარკვევების ორი კრებული. უმთავრესად მუშაობს პოლიტიკურ და ისტორიულ თემებზე. მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ II-ის ფავორიტის, გრიშკა რასპუტინის ქართველი მეგობრებისა და ,,მოწაფეების” ავანტურისტული საქმიანობა იმპერიის დედაქალაქში, ასევე საბჭოთა რეპრესიების აქამდე უცნობი ზოგიერთი ასპექტი.  2000 წელს პირველი პრემია მიენიჭა თბილისის საკრებულოს, მერიისა და პიარ განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ ჟურნალისტთა კონკურსში ,,ჩემი ქალაქი_სიტყვიდან საქმემდე”; 2006 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა ,,ოქროს ფრთით”. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ისტორიულ-დოკუმენტური რომანი ,,დაკარგული საფლავები”. წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის ცნობილი მედროვისა და ავანტიურისტის გრიგორი რასპუტინის ქართველ მეგობრებსა და ,,მეწაფეებს”, მათ წვლილს რომანოვების ტახტის დამხობაში, მეორე ნაწილში საბჭოური ეპოქის დიდ რეპრესიებზეა მოთხრობილი.

ავტორს გამოყენებული აქვს საქართველოს უშიშროების სამინისტროს არქივსა და სამეცნიერო თუ მემუარულ ლიტერატურაში მოძიებული მასალები, რომელთა უმრავლესობა უცნობია საზოგადოებისათვის. ამიტომაც ავტორი გვაძლევს თავისი გმირების სრულყოფილ პორტრეტებს.  წერილები, დაკითხვის ოქმები, დიალოგები, მოგონებები, მოკლედ ყველაფერი, რასაც დოკუმენტალისტიკა ჰქვია, ძალზე ოსტატურადაა შეზავებული.  ა. ასლანიშვილის გონება და კალამი უდიდესი ოსტატობით გვიხატავს მივიწყებულ პორტრეტებს: რუსეთის მონარქის ერთგული მსახურების, გამჭრიახი კომერსანტების, ავანტიურისტების, შარახვეტია დარდიმანდების, ჯაშუშებისა და ორმაგი მოთამაშეების სახეებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოირჩევიან ჩვენი თანამემამულეები. წიგნი “დაკარგული საფლავები” მართლაც რომ თავაუღებლად საკითხავია, შესანიშნავი დოკუმენტური თხზულებაა.  ავტორი გემოვნებით უთავსებს ერთმანეთს ფაქტებსა და მოვლენებს და საკუთარ ვარაუდებსაც თამამად გამოთქვამს. წიგნის გმირთაგან ბევრი მათგანი, ერთ დროს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, უკვალოდ ამოშალა დრომ თაობათა მეხსიერებიდან, მაგრამ ისტორიას აქვს უსაზღვრო მეხსიერება.  სწორედ ეს მეხსირებაა ხორცშესხმული ალეკო ასლანიშვილის წიგნში. ქართველმა მკითხველმა “დაკარგული საფლავების” სახით მიიღო კიდევ ერთი აკადემიურად შესწავლილი და გამოცემული ჟურნალისტური რომანი, თავისი საინტერესო შინაარსით, გამოკვლევებითა და უნიკალური საარქივო მასალებით.