ვასილ კუკუნაშვილი

ნომინაცია – “ნაშრომი დავით აღმაშენებლის შესახებ” 

ვასო კუკუნაშვილი ― დაიბადა 1963 წლის 10 თებერვალს ქ. თბილისში. მისი შემოქმედება სათავეს იღებს ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში. 1980 წლიდან იბეჭდებოდა თელავის რაიონულ პრესაში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, იგავ-არაკები და ლექსები.  მის კალამს ეკუთვნის პიესა ,,მხიარული კარნავალი” ანუ პაროდია თემაზე ,,თავისუფლება”, ეპოსი ,,კრწანისი”, რომელიც 1992 წელს გამოვიდა ცალკე წიგნად აწ გარდაცვლილი ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის რედაქტორობით.  2004-2005 წლებში დაწერა ისტორიულ-ფილოსოფიური რომანი ,,ჯვარ-პატიოსანი”.  შექმნილი აქვს არაერთი ფილოსოფიურ―მეცნიერული და პუბლიცისტური ნაშრომი.  ყოველი მათგანი ერის სულერი აღმშენებლობის თემას ეხება. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბატონ ვასილ კუკუნაშვილის ისტორიული რომანი “ჯვარ-პატიოსანი”. როგორც თვით ავტორი აღნიშნავს, წარმოდგენილი ნაშრომი: “არის მოკრძალებული მცდელობა იმ ამოცანის გადაწყვეტისა, რასაც ეროვნული თვითშეგნების საფუძველზე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი გულისხმობს. როგორ შეძლო დავით აღმაშენებელმა აღეშენებინა უდიდესი სახელმწიფო მაშინ, როდესაც უზარმაზარი ძალები ქმნიდნენ მაშინდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ დინებებს”.

“ჯვარ-პატიოსანი” ასახავს დავით აღმაშენებლის ცხოვრებას ყმაწვილობიდან და მთავრდება მისი გარდაცვალებით. ისტორიული რომანი თავისთავად მეტად რთული ჟანრია, რადგან მატიანე და სხვა ისტორიული წყაროები ხშირად მწირ ინფორმაციას გვაწვდიან ამა თუ იმ პიროვნების შესახებ და ამ შემთხვევაში აუცილებელია მწერლის ფანტაზია, რათა ავტორმა სრულად წარმოაჩინოს როგორც გმირის, ასევე ეპოქის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ამ ამოცანას ვასილ კუკუნაშვილი წარმატებით ართმევს თავს საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაშრომში.

“ჯვარ-პატიოსანი” საინტერესოდ მიიჩნიეს როგორც ისტორიკოსებმა, ისე ლიტერატორებმა. 800 გვერდიანი წიგნი მოიცავს დავითის მეფობის პერიოდს და მასში მოთხრობილია თითქმის ყველა ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელიც ამ უდიდესი მეფის სახელს უკავშირდება. აგრეთვე წიგნში ყველა იმ პიროვნებას ვეცნობით, რომლებიც დავითის ეპოქაში მოღვაწეობდნენ.

წინასიტყვაობაში კარგად ჩანს ავტორისეული პოზიცია, რომ თუ დავით აღმაშენებლის ეპოქაში საქართველოსთვის უპირველეს საფრთხეს თურქ-სელჯუკთა შემოსევა წარმოადგენდა, დღეს ეს საფრთხე გლობალიზაციაა, რომელიც ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებს გადაშენებას უქადის და საფრთხის თავიდან აცილებას ავტორი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ხედავს. ამისათვის კი აუცილებელია ახალგაზრდამ, ჩვენმა მომავალმა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, რაშიც მათ ისტორიის ღრმა ცოდნა დაეხმარება.