დავით აღმაშენებლის სახელობის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული კონკურსის სპეციალური პრიზის მფლობელები

ბატონი ბაღათერ არაბული, ლექსების ერთტომეულისთვის 

ბაღათერ არაბული – დაიბადა 1950 წელს დუშეთის რაიონის სოფელ მოწმაოში. იყო ჟურნალ ,,ნობათის” რედაქტორი, გაზეთ ,,ლომისის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის ,,ლიტფონდის” თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად არის საქართველოს მწერალთა კავშირის  თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ ,,ცისკრის” ლიტერატურული რედაქტორი.

მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა 1967 წელს ჟურნალ ,,ცისკარში”. გამოცემული აქვს 12 წიგნი. თარგმნილია რუსულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ინგლისურ, ბულგარულ, სომხურ, უნგრულ, ტუვინურ-მონღოლურ და სხვა ენებზე. მინიჭებული აქვს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საერთაშორისო და ტიციან ტაბიძის სახელობის პრემიები. არის დაჯილდოვებული ღირსების ორდენით.   

ბატონი კობა არაბული, ჟურნალისთვის “მითი და ტრადიცია”, რომელშიც შუქდება რელიგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული საკითხები 

კობა არაბული ― დაიბადა 1945 წელს დუშეთის რაიონის სოფელ დათვისში. 1978-1992 წლებში მუშაობდა I შემოქმედებითი გაერთიანების უფროს რედაქტორად. 1991წ ― დააარსა გაზეთი ,,წუთისოფელი”; 1992წ ― დაარსა ეროვნულ ტრადიციათა აღორძინებისა და დაცვის შემოქმედებითი ცენტრი ,,სერაფიტა”, ხოლო 1998 წელს ― მწერალთა ასოციაცია ,,ბახტრიონი” და ტრადიციათა ცოდნის სახელოსნო ,,ოქროს აკვანი”. მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: ,,ხევსურეთი”, ,,მითების გაღვიძება”, ,,ჟინვალი”, ,,კაშხალი მთაში” და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს ლექსების შვიდი კრებული და ნარკვევები. ამჟამად გამოსცემს ჟურნალს ,,მითი და ტრადიცია” და ხელმძღვანელობს ,,ეროვნულ ტრადიციათა დაცვის ცენტრს”. საპატრიარქოს რადიო ,,ივერიაში” მიჰყავს პროგრამა ,,ეთნო-კულტურა და ტრადიციები ― ერის საკრალური ცოდნა” 

ქალბატონი თამარ შაიშმელაშვილი, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ისტორიული ნარკვევებისთვის

თამარ შაიშმელაშვილი ― დაიბადა 1966 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში. მუშაობდა ტელეკომპანია ,,იბერიაში” რედაქტორად და გადაცემა ,,ნათელი სახეების” ავტორად. გამოქვეყნებული აქვს რეპორტაჟები აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან. დღემდე მუშაობს გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში” განყოფილების რედაქტორად. ისტორიულ პიროვნებებზე გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები გაზეთებში ,,არგო”, ,,თბილისი” და ,,საქართველოს რესპუბლიკა”.  

ბატონი თეიმურაზ მირიანაშვილი, პუბლიცისტური კრებულისთვის “ჩვენი ტრაგედიის ფესვები” 

ბატონი თემურ მირიანაშვილი დაიბადა 1953 წელს ქ. თბილისში.  დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.  მუშაობდა გამომცემლობაში, გაზეთის რედაქციაში, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, პრეზიდენტ შევარდნაძის აპარატში.  გამოქვეყნებული აქვს ასობით საგაზეთო სტატია.  მისი პუბლიცისტური ნარკვევები ხშირად იბეჭდება სხვადახვა ჟურნალებში. თემურ მრიანაშვილი ავტორია ოთხი წიგნის.