რევაზ ამაშუკელი

რევაზ ამაშუკელი დაიბადა 1936 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა ჟურნალ ცისკარში, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში, ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილებაში, იყო ჟურნალ მნათობის რედაქტორის მოადგილე, მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, გაზეთ “ლიტერატურნაია გრუზიას” რედაქტორი მოადგილე, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კულტურის მინისტრის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე პოეტური კრებული.  რევაზ ამაშუკელის პოეზია თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და შესულია თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიის თითქმის ყველა კრებულში. არის გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა―ფშაველას, რუსთაველის, ალბერტ შვაიცერის პრემიების ლაურეატი, აგრეთვე არის საფრანგეთის შევალიეს ტიტულის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბატონ რევაზ ამაშუკელის პოეტური კრებული “მარტოობა”. ჭეშმარიტი ხელოვნება არასოდეს შემოიფარგლება მხოლოდ ესთეტიკური იდეალების ხორცშესხმით. ჰუმანიზმი და მაღალი ზნეობრიობა, პატრიოტიზმი და მოყვასის თანაგრძნობა, სხვა მრავალ სათნოებასთან ერთად დიდად განსაზღვრავს კულტურულ მოღვაწეთა საერთო საკაცობრიო მნიშვნელობას. აღნიშნული თვალსაზრისი ზედმიწევნით მიესადაგება ბ-ნ რეზო ამაშუკელს, რომლის ნატიფი და მაღალმხატვრული პოეზია ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს შენაძენად უნდა მივიჩნიოთ. მისი სახით მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობაში გამოჩნდა მკაფიო პიროვნულობის და რთულ ტრაგიზმამდე გამძაფრებული მსოფლშეგრძნების პოეტი.

ფორმით ზერელე და მოდური გატაცებების, ხშირად თვითმიზნური ექსპერიმენტების დროში, ღრმა ინდივიდუალობის მეშვეობით მან შექმნა შინაარსობრივად უაღრესად მძაფრი და ტევადი პოეტური ნაწარმოებები. რეზო ამაშუკელის ლექსები ხაზგასმული ესთეტიზმით ხასიათდება, მაგრამ მათი სიცოცხლისუნარიანობა მაინც მკაფიოდ გამოხატული ზნეობრივ-მოქალაქეობრივი იდეალებით არის განპირობებული.

ბატონ რეზო ამაშუკელის პოეზია კიდევ უფრო ღრმა შინაგანი პროტესტით ეხმაურება იმ სახიფათო ტენდენციებს, რომლებიც დღეს ჩვენს სინამდვილეში იჩენს ხოლმე თავს და მზერას ჩვენი სახელოვანი წინაპრებისაკენ და, რა თქმა უნდა, კვლავ ყოვლისშემძლე უფლისკენ აღაპყრობს:

“წინაპრის შენის,

სათნოების გჯეროდეს, გწამდეს

იმავ რუსთველის,

იმ თამარის

რწმენით მორწმუნეს!...”

“…... და მხოლოდ რწმენა, მხოლოდ უფლის რწმენა დაგვარჩენს!..”

ბატონ რევაზ ამაშუკელის შემოქმედება მთელი ქართული კულტურის ჭეშმარიტი გამარჯვებაა, რაც, სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაშია აღიარებული.