ნოდარ წულეისკირი

ნოდარი წულესკირი დაიბადა 1932 წელს, მარტვილის რაიონის სოფ. ბანძაში. დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1958 წელს ნარკვევისათვის “მტკვრის პირას გათეთრებული კაცები” მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია. 1957 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიის უფროს რედაქტორად, ჟურნალებში “დილა”, “ცისკარი”, “მნათობი”, კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად. 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამავე წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

მის კალამს ეკუთვნის რომანები: “თუთარჩელა”, “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”, “ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”, კრებულები: “დავით აღმაშენებლის ქვა”, “სისატურა”, პუბლიცისტური წერილების კრებული “მთისა და ბარისა”, კინოსცენარი ფილმისთვის “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”, და სხვა. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1995 წელს გამოიცა მისი რომანი “აფთრები”.

2008 წელს მიენიჭა ი. ჭავჭავაძის პრემია.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბატონ ნოდარ წულეისკირის ისტორიულ-აგიოგრაფიული რომანი “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”. ისტორიულ-რელიგიური ხასიათის თხზულებები ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის საუკეთესო საშუალებაა. ასეთი ლიტერატურა განსაკუთრებით ფასეული ხდება მაშინ, როცა საზოგადოება გაურკვევლობის, დეპრესიის და ფასეულობათა აღრევის პირისპირ აღმოჩნდება ხოლმე.  ბატონმა წულეისკირმა მეოცე საუკუნის მიწურულს განჭვრიტა ანალოგიური საფრთხე და დიდი წინაპრის ღვაწლს თავისი მამულიშვილური ნაბიჯი შეაგება.

რომანი “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი” ჩვენი დროის ისტორიულ-აგიოგრაფიული ტილოა, სადაც წარსული და თანამედროვეობა ქრისტიანულ ღირებულებათა გაუფასურების ტრაგიზმით არის გაერთიანებული. ავტორი შენიშნავს, რომ თორმეტი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერი პატივს მიაგებდა არაბ ყმაწვილს ისე, როგორც ეს თავის დროზე დიდი ილიას გაზეთში  იყო აღწერილი; ეკლესიაში მისთვის ლოცულობდნენ, მასზე საგალობლებსა და დასდებლებს  წერდნენ, წმინდანად რაცხავდნენ, დედაქალაქის მფარველ ანგელოზად მიიჩნევდნენ…... ყოველივე ამის შემდეგ მკითხველი ღრმად უნდა ჩააფიქროს რომანში ლოგიკურად გაჩენილმა შეკითხვამ: “რისთვის მიაგებდნენ ასეთ პატივს მონადშობილს? რისთვის იყრიდნენ მუხლს მის სიმარტვილეში, ქართველთა გარდა რუსები, სომხები, თათრები” ამ შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს გრიგოლ ხანძთელის პირით გვაუწყებს ავტორი: “ძმანო ქართველნო! აფხაზეთი, ლაზეთი, აფშილეთი, სანიგეთი, არგუეთი, მთელი ძველი კოლხეთი  მარად მხარში ედგა იბერიას და დღესაც მზად არის ძმათათვის სისხლი დაღვაროს.... აფხაზეთის მტერი მტერია ქართლოსიანთა. ჩვენ ერთი დედის შვილები ვართ. მშობლის დასაცავად შვილები მარადის მზად გვიგულეთ. Dდაე, შეიკრას საღვთო კავშირი”...

ასეთია რომანის სულისკვეთება, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების უსაზღვრო სიყვარულით და სამშობლოს ერთგულებით არის გაბრწყინებული.  იგი ყველა ქართველის ბიბლიოთეკაში უნდა იდოს და ყოველი ქართველის სულში უნდა ჰპოვოს გამოძახილი.