დეკანოზი კონსტანტინე (კახა პაიჭაძე)

ნომინაცია ― “ისტორია და მართლმადიდებლობა” 

დეკანოზი კონსტანტინე (კახა პაიჭაძე) - 1994 წლიდან არის სასულიერო პირი. 2001 წელს გამოსცა პირველი წიგნი ,,წმიდა მამათა ცხოვრებანი”; 2003 წელს ― ,,100 კითხვა-პასუხი სულიერ ცხოვრებაზე”; 2001-2004 წლებში იყო ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი, სადაც სტუდენტების დახმარებით თარგმნა რუსული ენიდან და შემდგომ გამოსცა ,,ისლამიდან მოქცეული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები”.

2005 წელს გამოსცა სერია ,,XX საუკუნის მოღვაწეები” პირველი წიგნი ,,მათ არ უღალატეს ქრისტეს”; 2006 წელს დასურათებული ალბომი ,,მაშვრალნი და ტვირთმძიმენი”. 2007 წელს იგივე სერიის მესამე წიგნი ,,გული ქრისტესთვის განმზადებული”.  

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო კრებულები: “XX საუკუნის მოღვაწეები”, “მაშვრალნი და ტვირთმძიმენი”, “გული ქრისტესთვის განმზადებული”.

თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალებისათვის თავდადებულ მოღვაწეთა საქმიანობის წარმოჩენას. “ჩვენი მოკრძალებული სურვილია და მცდელობა, რომ მკითხველისათვის გაგვეხსენებინა მათი სახელები, რომელნიც თავიანთი სიცოცხლითა და საქმეებით უკვდავყოფილნი არიანო”,― ასე იწყებს ერთ-ერთ კრებულს დეკანოზი კონსტანტინე და მორწმუნეობრივი სათნოებით მოგვითხრობს ისეთ გამორჩეულ მღვდელმთავრებზე, როგორიც იყვნენ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქები კირიონ II, ლეონიდე, წმიდა აღმსარებელი ამბროსი, კალისტრატე, მოწამებრივად აღსრულებული მიტროპოლიტი ნაზარი და ჩვენი დედაეკლესიის სხვა ღირსეული მამები. ამ ჩინებული კრებულების  ავტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი იერარქების ღვაწლის წარმოჩენით, ის ჩვეული გულისხმიერებით აღწერს ქართველი მღვდლების, დიაკვნების და მეუდაბნოე ბერების ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც.

თითოეული ნარკვევი ქრისტიანული თანაგრძნობით და მოყვასისადმი აღძრული ღრმა სიყვარულით არის გამთბარი და ქრისტიანობის მადლსა და სიკეთის განცდას ამძაფრებს. “გიყვარდეს მოყვასი შენი”, ― მარადიული ბიბლიური შეგონება უხვად მოედინება ამ თხზულებებიდან და ღვთის რწმენას განამტკიცებს ქართველი მკითხველის სულში.