დავით ტაკიძე (შემოქმედელი)

ნომინაცია – “ვუმღერ სამშობლოს” 

დავით ტაკიძე (შემოქმედელი) დაიბადა 1953 წლის 8 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. არის საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი და გამგეობის წევრი, რუსთაველის საზოგადოების თანადამფუძნებელი, ამავე საზოგადოების სამეცნიერო და ლიტერატურული ურთიერთობების ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს 9 წიგნი. Aარის გალაკტიონ ტაბიძის და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურიატი.   

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ბატონ დავით შემოქმედელის ისტორიული პოემა “ცოდვილთა ღამე” და პოეტური კრებული “სიტყვებს მიღმა”.

ისტორიულ პოემას ,,ცოდვილთა ღამე” VI საუკუნეში გადავყავართ და პოლიტიკურ მოღვაწეთა, აიეტისა და ფარტაზის პაექრობით იმ ეპოქის ორი ორიენტაცია ებრძვის ერთმანეთს ― სპარსული და ბიზანტიური. ავტორი შორეული ისტორიული მაგალითებით და პარალელებით გვიჩვენებს, რომ დღესაც განსაცდელი უდგას ჩვენს სამშობლოს.

,,აღმოსავლეთი და დასავლეთი

D და იყო სისხლი მარადი ბედი,

და როცა ჩადრში ვფარავდი ცრემლებს,

მაშინაც მჭადზე ნინოს ჯვარს ვწერდი.

აღმოსავლეთი და დასავლეთი,

ჩვენი გოლგოთა და ჩვენი ბედი,

აქეთ ირანი და იქით―რომი,

აქეთ ვეშაპი და იქით―ლომი.

დაუსრულებელს ებრძოდი ტკივილს,

დგებოდი ფეხზე თუ ვერ დგებოდი,

ვენახში გკლავდნენ, წყაროზე გკლავდნენ,

უფლის ლოცვაში იბადებოდი.”

ხატოვანი და ტკივილიანია პოეტის განცდა, სამშობლოს დანაწევრებით გამოწვეული და მისი ლექსების წაკითხვის შემდეგ ჩვენს წინაშე ცოცხლდებიან გმირი წინაპრები. მათი საგმირო საქმენი და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი და გადამდებია. აღსანიშნავია ლექსები: ,,დავით აღმაშენებელს”, ,,ილია მართალს”, ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილს”, ,,ცოტნე დადიანს”.

ავტორი ულამაზესი ფერებით გადმოსცემს თავისუფლების სიყვარულს.  მისი ყველა ნაწარმოები თავისუფლებისადმი მიძღვნილი ტკივილით სავსე ერთი დიდი ჰიმნია:

,,ველის ყვავილნი სანაგვეზე ისროლეს ყინჩად,

იპყრო სატანამ სინათლეზე თავის უფლება

და იბურება ბნელ სივრცეში ხორკლიან ნისლად

პეპელას ფრთებზე დაწერილი თავისუფლება”.