სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი”
საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
ალექსანდრე ებრალიძე, კომისიის თავმჯდომარედაიბადა 1955 წელს ქ. ბათუმში. დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და სანკტ-პეტერბურგის იურიდიული აკადემია. 1992 წელს დააარსა ღია სააქციო საზოგადოება “ტალიონი”, რომლის გენერალური დირექტორიც არის დღემდე. 2004 წელს, რუსეთის მწერალთა კავშირის გამგეობასთან ერთად, დააფუძნა ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “ალექსანდრე ნეველი”, რომელსაც 2009 წელს სამუზეუმო-მემორიალური პროექტებიც დაემატა. დღიდან დაარსებისა არის აღნიშნული პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარე. 2009 წლის შემოდგომაზე დააფუძნა სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებლი”. არის ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედი. მისი ინიციატივით შეიქმნა სერიოზული მონოგრაფია პეტრე ბაგრატიონის შესახებ (ავტორი ევგენი ანისიმოვი), რომელიც მისივე დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე.
ბაღათერ არაბული, კომისიის წევრი
დაიბადა1950 წელს დუშეთის რაიონის სოფელ მოწმაოში. იყო ჟურნალ ,,ნობათის” რედაქტორი, გაზეთ ,,ლომისის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის ,,ლიტფონდის” თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად არის საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ ,,ცისკრის” ლიტერატურული რედაქტორი. მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა 1967 წელს ჟურნალ ,,ცისკარში”. გამოცემული აქვს 12 წიგნი. თარგმნილია რუსულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ინგლისურ, ბულგარულ, სომხურ, უნგრულ, ტუვინურ-მონღოლურ და სხვა ენებზე. მინიჭებული აქვს ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საერთაშორისო და ტიციან ტაბიძის სახელობის პრემიები. არის დაჯილდოვებული ღირსების ორდენით.
დურმიშხან ცინცაძე, კომისიის წევრი
დაიბადა 1932 წლის 23 მარტს, ჩოხატაურში. 1949 წელს, საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, სწავლა განაგრძო საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1954 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს სწავლობდა ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1976 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი და შემდეგ პროფესორი. არის 15 წიგნის ავტორი: ,,თაყაიშვილის ნაკვალევზე”, ,,ეს ჩვენი ისტორიაა”, ,,კაპიტალიზმის განვითარება XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის I ნახევარში” და სხვა. დურმიშხან ცინაცაძე არის ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოცემული წიგნის ,,საქართველოს საზღვრების” რედაქტორი, რომელსაც თან ერთვის 1919 წელს გამოცემული საქართველოს რუკა.
ნუნუ დალაქიშვილი, კომისიის წევრი
დაიბადა 1952 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (1974 წ.) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ადრეული 1980-იანი წლებიდან მუშაობდა საქტელერადიომაუწყებლობაში. მომზადებული აქვს 45-მდე გადაცემა. 1984 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო რადიოს აუდიო ფონდის საკვლევ-საძიებო ჯგუფის რედაქტორად. გამოქვეყნებული აქვს რადიოს ოქროს ფონდის ჩანაწერების საგაზეთო ვერსიები. 2000 წელს გამოსცა მინიატურების პირველი კრებული “უფრთო ჩიტები”. 2005 წლიდან არის მწერალთა კავშირის წევრი. 2005 წლიდან დღემდე არის თბილისის ალ. კუჭუხიძის სახელობის ბიზნეს აკადემიის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს რადიოჟურნალისტიკაში. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა უნიკალური კრებული “საუკუნის ხმები”, რომელსაც მალე იხილავს ქართველი მკითხველი.
ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე, კომისიის წევრი, კომისიის აღმასრულებელი მდივანი
დაიბადა 1954 წელს, ქ. ბათუმში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1977) და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1994). მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ სპეციალისტად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანაშემწედ, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად. ამჟამად არის საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის დირექტორი. არის ავტორი და რედაქტორი მრავალი პუბლიკაციისა, ნათარგმნი აქვს გამოჩენილ მკვლევართა ნაშრომები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში. სხვადასხვა დროს აქვეყნებდა ლექსებსა და მინიატურებს საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში.



