საკონკურსო კომისიის შემადგენლობა
ალექსანდრე ებრალიძე, კომისიის თავმჯდომარე
დაიბადა 1955 წელს ქ. ბათუმში. დაამთავრა ლენინგრადის გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი და სანკტ-პეტერბურგის იურიდიული აკადემია. 1992 წელს დააარსა ღია სააქციო საზოგადოება “ტალიონი”, რომლის გენერალური დირექტორიც არის დღეს. 2004 წელს, რუსეთის მწერალთა კავშირის გამგეობასთან ერთად, დაფუძნა ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “ალექსანდრე ნეველი”, რომელსაც 2009 წელს სამუზეუმო-მემორიალური პროექტებიც დაემატა. დღიდან დაარსებისა არის აღნიშნული პრემიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარე. 2009 წლის შემოდგომაზე დააფუძნა სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებლი”. არის ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედი. მისი ინიციატივით შეიქმნა სერიოზული მონოგრაფია პეტრე ბაგრატიონის შესახებ (ავტორი ევგენი ანისიმოვი), რომელიც მისივე დაფინანსებით ითარგმნება ქართულ ენაზე და მალე მას ქართველი მკითხველიც იხილავს.
გურამ გოგიაშვილი, კომისიის წევრი
დაიბადა 1934 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ორი ათეული წელი მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობებზე. ათი წელი სათავეში ედგა გაზეთ “სამშობლოს”, რომელიც საგანგებოდ ქართველი ემიგრანტებისთვის გამოდიოდა. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ადრეული სამოციანი წლებიდან ეწევა აქტიურ მთარგმნელობით მუშაობას. თარგმნილი აქვს პაუსტოვსკი, ჩეხოვი, მარშაკი, ბლოკი, ჯანი როდარი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რაბლეს “გარგანტუა და პანტაგრუელის” მისეული თარგმანი ხუთ წიგნად. მიღებული აქვს იავანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძისა და ვაჟა-ფშაველას პრემიები. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით და ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ნუნუ დალაქიშვილი, კომისიის წევრი
დაიბადა 1952 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (1974 წელს) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ადრეული 1980-იანი წლებიდან მუშაობდა საქტელერადიომაუწყებლობაში. მომზადებული აქვს 45-მდე გადაცემა. 1984 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო რადიოს აუდიო ფონდის საკვლევ-საძიებო ჯგუფის რედაქტორად. გამოქვეყნებული აქვს რადიოს ოქროს ფონდის ჩანაწერების საგაზეთო ვერსიები. 2000 წელს გამოსცა მინიატურების პირველი კრებული “უფრთო ჩიტები”. 2005 წლიდან არის მწერალთა კავშირის წევრი. 2005 წლიდან დღემდე არის თბილისის ალ. კუჭუხიძის სახელობის ბიზნეს აკადემიის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს რადიოჟურნალისტიკაში. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა უნიკალური კრებული “საუკუნის ხმები”, რომელსაც მალე იხილავს ქართველი მკითხველი.
ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე, კომისიის წევრი, კომისიის აღმასრულებელი მდივანი
დაიბადა 1954 წელს, ქ. ბათუმში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ელექტრონული გამომთვლელი მანქანები (1977) და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1994). მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ სპეციალისტად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანაშემწედ, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად. ამჟამად არის საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის დირექტორი. არის ავტორი და რედაქტორი მრავალი პუბლიკაციის, ნათარგმნი აქვს გამოჩენილი მკვლევარების ნაშრომები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში. სხვადასხვა დროს აქვეყნებდა ლექსებსა და მინიატურებს საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში.



