სრულიად საქართველოს

ისტორიულ-ლიტერატურული პრემია

“დავით აღმაშენებელი”

2010-2011 წლის კონკურსის

დებულება

პრემიის დამფუძნებელი

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი — ალექსანდრე ებრალიძე

კონკურსის ჩატარების ვადები2010 წლის თებერვალი – 2011 წლის თებერვალი

ზოგადი დებულებანი

სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” გაიცემა ღია შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე. 

კონკურსის მიზანია: საზოგადოებრივი ინტერესის გაღრმავება საქართველოს ისტორიის და ისტორიულ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებისადმი, ღვაწლმოსილ მამულიშვილთა ცხოვრების გაშუქება და მათი როლის წარმოჩენა.

კონკურსის ამოცანაა:

  • ქართული ლიტერატურის პრესტიჟის ამაღლება, მისი სოციალური მნიშვნელობისა და მორალურ-ეთიკური შინაარსის გაფართოვება.
  • საქართველოს ისტორიისადმი მკითხველთა ფართო ფენების ყურადღების გაღვივება, ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის შემდგომი სრულყოფა.
  • საქართველოს ისტორიის ამსახველი მაღალმხატვრული ლიტერატურული  ნაწარმოებების და მეცნიერული კვლევების გამოვლენა და პოპულარიზაცია;
  • ისტორიულ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფა, ქართული სახელმწიფოს განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის ხაზგასმა და საერთო სახალხო აღიარება.

სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ყოველწლიურად, 8 თებერვალს, წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

პრემიის მიმნიჭებელი კომისია

პრემიის მიმნიჭებელი კომისია არის მისი საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების განხილვა, ლაურეატების განსაზღვრა და დებულებაში ტექნიკური და სამუშაო ხასიათის ცვლილებათა შეტანა.

პრემიის მიმნიჭებელი კომისია შედგება 5 მუდმივი წევრისაგან, რომლებსაც წარადგენს პრემიის დამფუძნებელი, და აგრეთვე დროებითი წევრებისაგან, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარე იწვევს კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის. 

კომისიის თავმჯდომარის და თანათავმჯდომარის არჩევა ხდება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, პრემიის დამფუძნებელთან შეთანხმების საფუძველზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე, პირადად ან მოადგილეთა მეშვეობით ატარებენ სხდომებს და მონაწილეობას ღებულობენ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალში.

კომისიის წევრებთან შეთანხმებით კომისია მისი შემადგენლობიდან ნიშნავს აღმასრულებელ მდივანს, რომლის მოვალეობაა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება..პრემიის მიმნიჭებელი კომისია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თავისი მუშაობის და სამომავლო ღონისძიებების შესახებ.

დებულებანი ისტორიულ-ლიტერატურული ნაწარმოებების კონკურსის შესახებ

კონკურსზე ნაწარმოებთა წარდგენის უფლება აქვთ კერძო პირებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურულ, ჟურნალისტურ და სარედაქციო საქმიანობასთან.  2010-2011 წლის კონკურსზე ასევე დაიშვება 21-ე საუკუნეში გარდაცვლილ ავტორთა ნაწარმოებები.   

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ნაწარმოები _ მოცულობით არანაკლებ 5 (ხუთი) პირობითი ნაბეჭდი გვერდისა. ნაწარმოები უნდა ეძღვნებოდეს ისტორიულ მოღვაწეს, ან უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალებისათვის მებრძოლ სულისკვეთებას, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მნიშვნელოვან საკითხებს. 

განსახილველად დაიშვება ნებისმიერი ჟანრის (სამეცნიერო ნაშრომი, კვლევა, ესსე, პროზა, პოეზია, დრამატურგია, და ა.შ.) ნაწარმოები, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, საჯაროდ გამოცემულია პრემიის გადაცემამდე არაუგვიანეს 3 თვით ადრე და მოიცავს საქართველოს ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან 1945 წლამდე.

კონკურსზე წარსადგენად გამოქვეყნებული ნაწარმოები 2010 წლის 8 დეკემბრამდე უნდა გაიგზავნოს (ან ჩაბარდეს) საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის ოფისში მისამართზე _ თბილისი 0118, ალ. გრიბოედოვის ქ. #3, (ტელ: 983676; 921514), წარწერით _ “დავით აღმაშენებლის პრემია”, ორ ეგზემპლარად, ასევე განაცხადი და ავტორის (ავტორთა) ანკეტა.

კონკურსზე დაშვებული ყველა ნაწარმოები ღებულობს სარეცენზიო ჯგუფის შეფასებას.  სარეცენზიო ჯგუფის ფორმირება ხდება პრემიის მიმნიჭებელი კომისიის მიერ და მოქმედებს სარეცენზიო ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.  რეცენზიები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნება.

სარეცენზიო ჯგუფი

სარეცენზიო ჯგუფი არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იხილავს და აანალიზებს კონკურსზე წარმოდგენილ ნაწარმოებებს.  იგი შეიმუშავებს და პრემიის მიმნიჭებელ კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს მომავალი ლაურეატების შესახებ.

სარეცენზიო ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის “დავით აღმაშენებელი” მიმნიჭებელი კომისია.  ჯგუფი შედგება არაუმეტეს 5 წევრისაგან. მასში შედიან ლიტერატურის კრიტიკოსები და ისტორიკოსები.  სარეცენზიო ჯგუფი იქმნება მიმდინარე კონკურსის პერიოდისთვის.  

პრემიის ლაურეატთა განსაზღვრა

პრემიის ლაურეატების განსაზღვრა ხდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე, სარეცენზიო ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნებისა და პრემიის მიმნიჭებელი კომისიის მოსაზრებათა საფუძველზე, ღია კენჭისყრით, პრემიაზე წარდგენილი კანდიდატებიდან დგება შესარჩევი სია, რომელშიც შედის კონკურსის ლაურეატობის ცხრა მაძიებელი.  მეორე ეტაპზე პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრთა ხმის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ხდება კონკურსის პირველი, მეორე და მესამე პრემიების ლაურეატთა განსაზღვრა.  

პრემიის ოფიციალური გადაცემის ცერემონიამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა, პრემიის მიმნიჭებელი კომისია აცხადებს ლაურეატთა შერჩეული სიის შემადგენლობას და ნომინაციებში გამარჯვებელთა სახელებს.  2010-2011 წლის პრემია კონკურსანტებს მიენიჭებათ შემდეგ ნომინაციაებში: “ლიტერატურის ისტორია”, “ისტორიული მეცნიერება”, “ნაშრომი დავით აღმაშენებლის შესახებ”, “ისტორია ყმაწვილთათვის”, “ერის მოამაგენი”, “საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ”.  კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ნომინაციების დამატება ან ცვლილება.

პირველი, მეორე და მესამე პრემიის ლაურეატთა სახელები ცხადდება პრესკონფერენციაზე, რომელიც ტარდება პრემიის გადაცემის ცერემონიამდე.  პირველი სამი პრემია შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოებს, მისი მხატვრული და ისტორიული ღირებულების მიხედვით.  კომისიის გადაწყვეტილებით დასაშვებია პირველი სამი პრემიის პრემიალური ფონდის გაერთიანება და მათი თანაბარი განაწილება რამდენიმე ლაურეატზე.  ასეთ შემთხვევაში თითოეული ავტორისთვის მინიჭებული პრემია განიხილება როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის პირველი ხარისხის პრემია.

სპეციალური პრემია ჟურნალისტებისთვის

სპეციალური პრემია ჟურნალისტებისთვის “თანამოკალმე” გადაეცემა ჟურნალისტს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაში, მისი პრესტიჟის ამაღლებაში, კულტურულ-ისტორიული აზროვნების განვითარებაში.

საპრემიო ფონდი

საპრემიო ფონდი შეადგენს 95 000 ლარს.

  • 1-ლი პრემია — 25 000 ლარი
  • მე-2 პრემია — 20 000 ლარი
  • მე-3 პრემია — 15 000 ლარი

ნომინაციებში გამარჯვებულთა პრემია შეადგენს 5000 ლარს თითოეულისთვის.

ჟურნალისტი, რომელსაც მიენიჭება სპეციალური პრემია “თანამოკალმე”, ჯილდოვდება ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით. 

საპრემიო ფონდი არის კერძო შემოწირულობა და იგი გაიცემა სათანადო საშემოსავლო ბეგარის გადახდის შემდეგ. 

პრემიის გადაცემის ცერემონია

პრემიის გადაცემის ცერემონია უკავშირდება წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 8 თებერვალს.

პრემიის გადაცემის ცერემონიის ადგილს განსაზღვრავს კომისია, პრემიის დამფუძნებელთან შეთანხმებით.

პრემიის გადაცემიის ცერემონიის ხარჯებს, ასევე პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებულ სხვა დანახარჯებსა და საფასურს ანაზღაურებს პრემიის დამფუძნებელი.

პირველი ხარისხის ისტორიულ-ლიტერატურული პრემია _ “დავით აღმაშენებელი” _ ავტორს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.