სრულიად საქართველოს
ისტორიულ-ლიტერატურული პრემია
“დავით აღმაშენებელი” 

2009-2010 წლის კონკურსის 

 დებულება 

პრემიის დამფუძნებელი 

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი ― ალექსანდრე ებრალიძე 

პრემიის თანადამფუძნებელი 

კონკურსის ჩატარების ვადები 

2009– 2010 წწ 

ზოგადი დებულებანი 

სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” გაიცემა ღია შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე. 

კონკურსის მიზანია: საზოგადოებრივი ინტერესის გაღრმავება საქართველოს ისტორიის და ისტორიულ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებისადმი, ღვაწლმოსილ მამულიშვილთა ცხოვრების გაშუქება და მათი როლის წარმოჩენა.  

კონკურსის ამოცანაა: 

- ქართული ლიტერატურის პრესტიჟის ამაღლება, მისი სოციალური მნიშვნელობისა და მორალურ-ეთიკური შინაარსის გაფართოვება;

- საქართველოს ისტორიისადმი მკითხველთა ფართო ფენების ყურადღების გაღვივება, ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის შემდგომი სრულყოფა; 

- საქართველოს ისტორიის ამსახველი მაღალმხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა და პოპულარიზაცია; 

- ისტორიულ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფა, ქართული სახელმწიფოს განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის ხაზგასმა და საერთო სახალხო აღიარება. 

სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ყოველწლიურად, 8 თებერვალს, წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. 

პრემიის მიმნიჭებელი კომისია

პრემიის მიმნიჭებელი კომისია არის მისი საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების განხილვა, ლაურეატების განსაზღვრა და დებულებაში ტექნიკური და სამუშაო ხასიათის ცვლილებათა შეტანა. 

პრემიის მიმნიჭებელი კომისია შედგება 5 მუდმივი წევრისაგან, რომლებსაც წარადგენენ პრემიის დამფუძნებლები, და აგრეთვე დროებითი წევრებისაგან, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარე იწვევს კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის.  

კომისიის თავმჯდომარის და თანათავმჯდომარის არჩევა ხდება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, პრემიის დამფუძნებლებთან შეთანხმების საფუძველზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე, პირადად ან მოადგილეთა მეშვეობით ატარებენ სხდომებს და მონაწილეობას ღებულობენ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალში. 

კომისიის წევრებთან შეთანხმებით კომისია მისი შემადგენლობიდან ნიშნავს აღმასრულებელ მდივანს, რომლის მოვალებაა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. 

პრემიის მიმნიჭებელი კომისია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თავისი მუშაობის და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. 

დებულებანი ისტორიულ-ლიტერატურული ნაწარმოებების კონკურსის შესახებ 

კონკურსზე ნაწარმოებთა წარდგენის უფლება აქვთ კერძო პირებს, შემოქმედებით კავშირებს, გამომცემლობებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურულ, ჟურნალისტურ და სარედაქციო საქმიანობასთან. 

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ნაწარმოები ― მოცულობით არანაკლებ 5 (ხუთი) პირობითი ნაბეჭდი გვერდისა. ნაწარმოები უნდა ეძღვნებოდეს ისტორიულ მოღვაწეს, ან უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალებისათვის მებრძოლ სულისკვეთებას.  

განსახილველად დაიშვება ის ნაწარმოებები, რომლებიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამოცემულია პრემიის გადაცემამდე არაუგვიანეს 3 თვით ადრე და მოიცავს საქართველოს ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან გასული საუკუნის შუა პერიოდამდე. 

კონკურსზე წარსადგენად გამოქვეყნებული ნაწარმოები 2009 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გაიგზავნოს (ან ჩაბარდეს) საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის ოფისში მისამართზე ― თბილისი 0177, ალ. ყაზბეგის გამზირი #29, წარწერით ― “დავით აღმაშენებლის პრემია”, ორ ეგზემპლარად, ასევე განაცხადი და ავტორის (ავტორთა) ანკეტა. 

კონკურსზე დაშვებული ყველა ნაწარმოები ღებულობს სარეცენზიო ჯგუფის შეფასებას.  სარეცენზიო ჯგუფის ფორმირება ხდება პრემიის მიმნიჭებელი კომისიის მიერ და მოქმედებს სარეცენზიო ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.  რეცენზიები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნება. 

სარეცენზიო ჯგუფი 

სარეცენზიო ჯგუფი არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იხილავს და აანალიზებს კონკურსზე წარმოდგენილ ნაწარმოებებს.  იგი შეიმუშავებს და პრემიის მიმნიჭებელ კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს მომავალი ლაურეატების შესახებ. 

სარეცენზიო ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის “დავით აღმაშენებელი” მიმნიჭებელი კომისია.  ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან. მასში შედიან ლიტერატურის კრიტიკოსები და ისტორიკოსები.  სარეცენზიო ჯგუფი იქმნება მიმდინარე კონკურსის პერიოდისთვის.   

პრემიის ლაურეატთა განსაზღვრა 

პრემიის ლაურეატების განსაზღვრა ხდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე, სარეცენზიო ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნებისა და პრემიის მიმნიჭებელი კომისიის მოსაზრებათა საფუძველზე, ღია კენჭისყრით, პრემიაზე წარდგენილი კანდიდატებიდან დგება შესარჩევი სია, რომელშიც შედის კონკურსის ლაურეატობის ცხრა მაძიებელი.  მეორე ეტაპზე პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრთა ხმის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ხდება კონკურსის პირველი, მეორე და მესამე პრემიების ლაურეატთა განსაზღვრა. 

პრემიის ოფიციალური გადაცემის ცერემონიამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა, პრემიის მიმნიჭებელი კომისია აცხადებს ლაურეატთა შერჩეული სიის შემადგენლობას. 

პირველი, მეორე და მესამე პრემიის ლაურეატთა სახელები ცხადდება პრემიის გადაცემის ცერემონიაზე.   

სპეციალური პრემია ჟურნალისტებისთვის 

სპეციალური პრემია ჟურნალისტებისთვის “თანამოკალმე” გადაეცემა ჟურნალისტს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაში, მისი პრესტიჟის ამაღლებაში, კულტურულ-ისტორიული აზროვნების განვითარებაში. 

საპრემიო ფონდი 

საპრემიო ფონდი შეადგენს 95 000 ლარს. 

1-ლი პრემია ― 25 000 ლარი 

მე-2 პრემია ― 20 000 ლარი 

მე-3 პრემია ― 15 000 ლარი 

პირველი სამი პრემიის ლაურეატები ასევე დაჯილდოვდებიან სამახსოვრო მედლებით, წმინდა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით. 

შერჩეულ სიაში მოხვედრილი ლაურეატების ფულადი პრემია შეადგენს 5000 ლარს თითოეულისთვის. 

ჟურნალისტი, რომელსაც მიენიჭება სპეციალური პრემია “თანამოკალმე”, ჯილდოვდება ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით.  

პრემიის გადაცემის ცერემონია 

პრემიის გადაცემის ცერემონია უკავშირდება წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 8 თებერვალს. 

პრემიის გადაცემის ცერემონიის ადგილს განსაზღვრავს კომისია, პრემიის დამფუძნებლებთან შეთანხმებით. 

პრემიის გადაცემიის ცერემონიის ხარჯებს, ასევე პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებულ სხვა დანახარჯებსა და საფასურს ანაზღაურებენ პრემიის დამფუძნებლები. 

პირველი ხარისხის ისტორიულ-ლიტერატურული პრემია ― “დავით აღმაშენებელი” ― ავტორს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.